„სადაზღვევო სექტორი ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან მხარდამჭერ სექტორს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს კაპიტალის პროდუქტიულ ინვესტიციებად გარდაქმნას და შესაბამისად პოზიტიურ გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ სადაზღვევო სექტორში პირველი საერთაშორისო რეიტინგის მინიჭებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გლობალური რეიტინგი კომპანია „ალდაგს“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „AM BEST“-მა მიანიჭა - ამით „ალდაგი“ გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა „Allianz“, „Hannover Re“, „Axi“s, „Swiss Re“, „Scor“.
მინისტრის მოადგილემ „ალდაგს“ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი დიდი სტიმულია მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრიაში ჩართული სხვა კომპანიებისთვისაც. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეძლოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონის მიღწევა, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში, კიდევ უფრო გაზრდის ინვესტორთა ნდობას და კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფინანსურ რესურსებს.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, სადაზღვევო სექტორის განვითარება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ზარალის შერბილების მექანიზმების გაუმჯობესებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს როგორც სავაჭრო ურთიერთობების, ასევე კომერციული საქმიანობების განვითარებას.
„სადაზღვევო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და ქვეყანაში სადაზღვევო ბაზრის შემდგომი განვითარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რამდენადაც სადაზღვევო სექტორის გაძლიერება, სადაც სადაზღვევო კომპანიები ძლიერ ინსტიტუციურ ინვესტორებს წარმოადგენენ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისივე შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს სადაზღვევო სექტორმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სადაზღვევო მომსახურების, მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების და ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და სერვისების განვითარების თვალსაზრისით. მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების თვალსაზრისით, ვახტანგ ცინცაძემ ხაზი გაუსვა მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ სადაზღვევო სექტორზე გავრცელების მნიშვნელობას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის პროექტს, რომლის წარდგენაც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
„AM best“ 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. კომპანია სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. „AM Best“ დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს. „ალდაგში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო რეიტინგის პირველად მიღება ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან, როგორიც არის „AM Best“, არის დიდი აღიარება და ადასტურებს მნიშვნელოვან მიღწევებსა და შედეგებს სადაზღვევო ინდუსტრიაში.