გიორგი კვირიკაშვილი: იქნება რეგიონული გზები, სასოფლო გზები და მთავარ ტურისტულ მიმართულებებთან დამაკავშირებელი გზები
„იქნება რეგიონული გზები, სასოფლო გზები და მთავარ ტურისტულ მიმართულებებთან დამაკავშირებელი გზები, რომელიც, ვფიქრობთ, ნამდვილად ეკონომიკურ გარღვევას მოიტანს საქართველოში," - განაცხადა "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სიის პირველმა ნომერმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას.
„4 წლის განმავლობაში ყველა ჩქაროსნული მაგისტრალი დასრულდება. იგეგმება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და ასევე სადახლომდე. აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშრებელი ავტობანი, მცხეთიდან ლარსის მიმართულებით გზის გაფართოება და საერთაშორისო სტანდარტის გზის გაკეთება, რა თქმა უნდა გვირაბების გამოყენებით, ისე, რომ მაქსიმალურად აცილებული იყოს ეს გზა ბუნებრივი კატასტროფის ზონებს. იქნება თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით მიმავალი ავტობანი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს დააკავშირებს და იქცევა ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო მაგისტრალად. იქნება ქუთაისის დამაკავშირებელი გზები ჩრდილო და სამხრეთ საქართველოსთან. ქუთაისზე განსაკუთრებით შევჩერდები, რადგან ვფიქრობ, ქუთაისს აქვს გამორჩეული პოტენციალი. იქნება რეგიონული გზები, სასოფლო გზები და მთავარ ტურისტულ მიმართულებებთან დამაკავშირებელი გზები, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ეკონომიკურ გარღვევას მოიტანს საქართველოში, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელების თვალსაზრისით, მეორე - ტურიზმის განხორცილების და მესამე - მთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრების კუთხით.
იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთ მთიანეთის დამაკავშირებელი გზები, რომლებიც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მთაში მოსახლეობის დამაგრებისთვის და მთაში ეკონომიკის გამაგრებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.