ევრო 2024-ის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში თეურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები უახლოეს მატჩებს ნორვეგიასა და საქართველოსთან გამართავს -. ნორვეგიას 12 ოქტომბერს უმასპინძლებს, ხოლო კვირას, 15 ოქტომბერს საქართველოს თბილისში ესტუმრება.
კვიპროსის ნაკრები მზადებას 9 ოქტომბერს დაიწყებს. კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველმა მწვრთნელმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ნაკრებში ოთხი გამოცდილი მოთამაშე არ მიიწვია – იაპონური „სანფრეჩე ჰიროსიმას“ თავდამსხმელი პიეროს სოტირიუ, „კანზას სიტის“ შემტევი ნახევარმცველი მარინოს ციონისი, ლარნაკის აეკ-ის ნატურალიზებული ფრანგი მცველი ვალენტინ რობერჟე და ლიეჟის „სტანდარტის“ უკანახაზელი კონსტანტინოს ლაიფისი.
თემურ ქეცბაია ტელეკომპანია Alpha-ზე სატელევიზიო გასართობი გადაცემის, „ლუის ღამის შოუს“ სტუმარი იყო, სადაც, ბუნებრივია, ფეხბურთის შესახებაც ისაუბრეს.
ქართველ მწვრთნელს ჰკითხეს, დაბრუნდება თუ არა „ანორთოსისში“ მესამე ვადით. მან ეს კითხვა ღიად დატოვა: „არ ვიცი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არასოდეს თქვა – არასოდეს”.
წამყვანმა ქეცბაიას „ომონიაში“ შესაძლო მუშაობის შესახებაც ჰკითხა: „რატომაც არა? მე პროფესიონალი ვარ“, – უპასუხა ქართველმა მწვრთნელმა.