logo_geo
eng_logo
ჩუგოშვილი და „მიჩურინის ვაშლი“
- +

8 ოქტომბერი. 2023. 17:32

 

 

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დასრულების მეორე დღეს, აჭარის ტელევიზიამ ძველი ქართული ფილმი „ჭრიჭინა“ გაუშვა ეთერში. დამთხვევა სიმბოლურად მეჩვენა. მთავარი გმირი, მისაღებ გამოცდაზე, ბილეთში მოცემულ უმარტივეს საკითხზე ვერ ახერხებს სათაურის იქით წასვლას და ნერვიულად იწყებს მის წაღმა-უკუღმა ტრიალს: „ვაშლი... მიჩურინის ვაშლი... ცნობილი რუსი მეცნიერი... მიჩურინი... ვაშლი... გამოყვანილი ვაშლი... მიჩურინის ვაშლი...“ და ა.შ. სანამ გამომცდელი არ შეაწყვეტინებს და არ დაემშვიდობება მინიმუმ შემდეგ ზაფხულამდე. 

  

ხსენებული ფილმის ეს ეპიზოდი, ამ კვირაში მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვის დროს ერთი-ერთში გათამაშდა. უნდა აღინიშნოს, რომ „ჭრიჭინას“ როლზე „დამტკიცებული“ თამარ ჩუგოშვილი, კინოს „ჭრიჭინაზე“ ბევრად საინტერესო საყურებელი გამოდგა (თუ მეშლება, ბაჩო ოდიშარიამ გამისწოროს) . ამას მარტივი ახსნა აქვს - ლეილა აბაშიძეს ოროსნის „თამაში“ უწევდა, რაც ჩუგოშვილისთვის ბუნებრივი მდგომარეობა გახლდათ, უბრალოდ, „თამაში“ არ სჭირდებოდა - „ორმოცდა ცხრა-მესამე, სამოცდა თვრამეტი... ორმოცდა თორმეტი... სამოცდა თვრამეტი, ორმოცდა ცხრა-მესამე...“ არავითარი სიღრმეებში ჩასვლა, არავითარი არგუმენტი.., სრული იგნორი ფაქტების მიმართ... მაია კოპალეიშვილზე არაფერს ვამბობ, რადგან აღარაფერი ეშველება - „ნეტარ“ ადეიშვილს „ებარებოდეს“... ჩემი კეთილი ბუნებიდან გამომდინარე, თამარ ჩუგოშვილს მაინც მინდა დავუტოვო მცირედი შანსი.

 

თავიდან შეიძლება გვეფიქრა, რომ „ბოსების“ მკაცრი პოლიტიკური დაკვეთის გამო, „ენჯეო-ვარსკვლავს“ არჩევანი არ აქვს და ამიტომ აქცევს ზურგს პროფესიულ ღირსებას თქო, მაგრამ... ყოველი ახალი წინადადება, მის ბაგეთაგან წარმოთქმული, ზემოაღნიშნულთან ერთად, ამხელდა მისავე სრულ უცოდინარობასაც. ირაკლი კობახიძემ, პოლიტიკური ლიდერის გარდა, ის ფუნქციაც შეითავსა, რომ პერიოდულად „სტრატეგიული პარტნიორების“ ჯილა-აგენტები უნდა ამხილოს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ეს საქმიანობა მისი ჰობი არ არის, მაგრამ სხვა რა გზაა, როცა საქმე „მსხვერპლს“ მოითხოვს? გავიხსენოთ პრეზ. მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის ორი დიდი „ორიანი“ კონსტიტუციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის „გამოცდებზე“, პირდაპირ პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ათიათასობით ტელემაყურებლის წინაშე „გაშავებული“ თუ „რუმბივით გაგორებული“ დავით უსუფაშვილი, გერმანული საარჩევნო სისტემის საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობის „დამტკიცებას რომ ცდილობდა“.

 

(ისე, ეს კობახიძე რა „დაუნდობელი“ ვინმე ყოფილა... განხილვის დასრულების მეორე დღეს, ჩუგოშვილს, საზოგადოებას უკვე „დატირებული რომ ჰყავდა“ თავის მეწყვილესთან ერთად, უმარტივეს „ფეიკზე“ წამოკიდებით „კანტროლკა“ მაინც დაახალა).  

 

დამეთანხმებით, რომ ამერიკულ პროექტებში გამოყვანილ ზემოხსენებულ სამ პერსონას შორის მსგავსება მეტია, ვიდრე განსხვავება: სამივეს აქვს მენტალური პრობლემა, რაც ახასიათებს თანამედროვე ლიბერალიზმის ლაბორატორიებში შექმნილ ყველა ზომბს; სამივეს ატროფირებული აქვს სამშობლოს განცდა, რაც ფსევდო-იდეოლოგიების მიმდევრების მთავარი მახასიათებელია; თავისუფალი აზროვნება მათთვის ზედმეტი ტვირთია, მხოლოდ დავალებების შესრულება მოეთხოვებათ. ამიტომ, სრულად არიან მოკლებული რაიმეს სიღრმისეულად გაგების უნარს. ასეთთა მთავარი პრობლემა ისაა, რომ თვითშეფასების უნარი ნულამდე აქვთ დასული, ყველას თავი „სამყაროს რჩეული“ ჰგონია, რადგან შთააგონეს, რომ სამყარო იქ იწყება და იქ მთავრდება, რა არეალიც მარჩენალმა „სულიერმა მამებმა“ განუსაზღვრეს.

 

ამ მარად კოპებშეკრული „ინდივიდებისგან“ განსხვავებით, „ჭრიჭინა“ კეთილი, ხალისიანი ახალგაზრდაა, რომელსაც სიცოცხლე უხარია. გარდა სიმღერის ნიჭისა, მას ის ნიჭიც აღმოაჩნდება, რასაც მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილებიდან სწორი დასკვების გაკეთება ჰქვია - „ჭრიჭინა“ ხვდება, რომ როცა წაკითხული „თავში არ შედის“, სხვა გზა უნდა ეძებო, მაგალითად, მუშაობა უნდა დაიწყო მეფრინველეობის ფერმაში.

 

ამერიკული აგენტურული ქსელის პიონერის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხსენებული სამი მედროშის მდგომარეობა შეუდარებლად მძიმეა (თინა ხიდაშელი და ანა ნაცვლიშვილიც ანალოგიური ტრაგიკული შემთხვევებია). „ჭრიჭინა“ არჩევანში საკუთარ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ამათ კი არჩევანი საერთოდ არ გააჩნიათ. ესენი არ წავლენ მეფრინველეობის ფერმაში, არ წავლენ არც რომელიმე ფირმაში, იურისტ-კონსულტანტად. მსგავსი ზომბების გამოყვანის ტექნოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტად, დასამუშავებელ მასალად, როგორც წესი, იყენებენ არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ, ცხოვრებაზე დაბოღმილ კადრებს. შემდეგ, დროის მოკლე მონაკვეთში, მათ სრულიად დაუმსახურებლად უქმნიან კვალიფიციური და საქმიანი ცნობადი სახის ყალბ ავტორიტეტს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უქმნიან საუკეთესო ცხოვრების პირობებს. ამ მასშტაბის სიკეთეებისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია, უფრო მეტიც, წარმოუდგენელია, რადგან, ვიმეორებ - მათთვის საკუთარი ძალებით, საკუთარი ცოდნით ყოველივე ამის მიღწევა შეუსრულებელი ამოცანაა.

 

უსუფაშვილ-ჩუგოშვილ-ხიდაშელ-ნაცვლიშვილ-დოლიძეებისა და „სტრატეგიული პარტნიორების“ პოლიტიკურ ინკუბატორებში გამოზრდილი სხვა უსამშობლოების მუდმივი როლი და ამოცანა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება არის და იქნება, სახელმწიფოსთვის საგარეო იმიჯის შერყევით დაწყებული, შიდა არეულობის ორგანიზებით გაგრძელებული და მეორე ფრონტის გახსნაზე „ზრუნვით“ დამთავრებული...

 

ბრავო, „ოცნება“, რომ ახერხებ და „მეგობრებს“ არ აძლევ საშუალებას, გულში ისე ჩაგვიკრან, რომ მოგვგუდონ(!).

 

 

ბიძინა  დვალი

08.10.2023 წ.    

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner