აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, ამერიკის მთავრობამ ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ამერიკის რამდენიმე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ცნობები. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საელჩო ამ ცნობებს ამოწმებს. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ისრაელისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ ახალ დეტალებს დღეს გაავრცელებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ისრაელს ექნება ის, რაც მას სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.