„პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული თანამშრომლობის სიმტკიცეს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„ვფიქრობ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ყოვლისმომცველია და მოიცავს ძალიან ბევრ სფეროს. ქვეყნის ლიდერების შეხვედრა არის ამ პარტნიორობის გამოვლინების ნაწილი. პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული თანამშრომლობის სიმტკიცეს. ის საკითხები, რაც იქნა განხილული, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდი როლი აქვს ჩვენს ქვეყანას რეგიონში და რაოდენ დიდი როლი არის საქართველოსი არამხოლოდ რეგიონში, არამედ როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჰაბის და რამდენად დიდი არის ასევე ჩვენი ქვეყნის როლი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, ვთქვა, გლობალურ ეკონომიკაში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებული, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს, კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, ორივე სახელმწიფოს მხრიდან იდგმება ძალიან კონკრეტული, მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯები“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.