7-8 ოქტომბერს საქართველომ ევროპის სპორტის კვირეულს მეექვსედ უმასპინძლა.
სპორტის კვირეული, რომელიც ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“, ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ევროკომისიის ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანი მოსახლეობის სპორტულ თუ ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის წახალისებაა.
სპორტული ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული, ეროვნული ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების, პარლამენტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ევროპის სპორტის კვირეულის ახალი კეთილი ნების ელჩად გამოჩენილი ვეტერანი სპორტსმენი, ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონი ცურვაში, ჰენრი კუპრაშვილი დასახელდა.
კიკვიძის პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც სტუმრებისთვის გაიმართა სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები: ბეისბოლი, უშუ, ბადმინტონი, მინიფეხბურთი, ამერიკული ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბავშვთა ძიუდო, სახალისო ხელბურთი; ნორდიული სიარული; ქუჩის კალათბურთი; ფრისბი (მფრინავი თეფში); აკრობატიკა; მხატვრული ტანვარჯიში; აერობიკა-პილატესი; სკეიტბორდინგი; ფრენბურთი; ფარიკაობა; კენდო; სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, შაში, გო, ნარდი).
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობდა 20-მდე ეროვნული ფედერაცია. პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა სანახაობები გამართეს. სპორტულ სოფელში მოეწყო სივრცეები უფროსებისა და პატარებისათვის. სტუმრები მონაწილეობდნენ ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში.
„სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მასობრივი სპორტის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ევროპის სპორტის კვირეული და სხვა მსგავსი სპორტული ღონისძიებები ყოველთვის იქნება სამინისტროს მხარდაჭერის საგანი“, - აცხადებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.