"საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოსთან კონტაქტზეა. როგორც კი იქნება ინფორმაცია, მას ყველა ქვეყანას მივაწვდით მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ტყვედ არიან აყვანილები ღაზას სექტორში," - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ჰადას მეიცადმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვთქვა იმ მაღალი დონის დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ საქართველოსგან. ჩვენ ვიმყოფებით ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. მახსოვს თქვენი შენიშვნა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ისრაელის გვერდით დგას და საქართველოც ამ სამყაროს ნაწილია. ჩვენი მოლოდინია, რომ თქვენ გააგრძელებთ ჩვენს გვერდში დგომას, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც გატაცებულია ღაზას სექტორში, რომ უზრუნველვყოთ, რომ ასეთი არაადამიანური, ბრუტალური ტერორისტული აქტი აღარასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა ელჩმა.