logo_geo
eng_logo
პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას იწყებს
- +

9 ოქტომბერი. 2023. 10:01

 

 

დღეიდან პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.

 

რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს დაგეგმილია 5.2%-ის ფარგლებში.

 

სოციალური მიმართულებით:

 

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც მომავალ წელს: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და

განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 498 ლარს;

 

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 378 ლარს;

 

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

 

გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;

 

ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს;

 

ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

 

დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი.

 

განათლების მიმართულებით: განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:

 

გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

 

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350,0 მლნ ლარზე მეტი;

 

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე -  225,0 მლნ ლარზე მეტი;

 

100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები.

 

ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე საზოგადოება გაეცნობა აღნიშნული რეფორმის შედეგებს;

 

10%-ით გაიზრდება პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების თანამშრომელთა ხელფასები.

 

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე. თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი;

 

 

2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით; 

 

ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისთვის:

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 2024 წელს მიიმართება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი,  მათ შორის:

 

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი;

 

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდ ლარზე მეტი;

 

წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარზე მეტი;

 

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 700,0 მლნ ლარზე მეტი;

 

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი;

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.

 

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 560,0 მლნ ლარზე მეტი.

 

გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე.

 

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner