logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი, ძალიან მალე ანალოგიური პროექტი შეიქმნება
- +

9 ოქტომბერი. 2023. 11:38

 

 

„პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი, ძალიან მალე ანალოგიური პროექტი შეიქმნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა პროექტში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

 

„ყველას მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. ჯარის ქალაქი დასრულებულია და საზეიმოდ გადავცემთ საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს. უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი დასრულდა. იცით, ჩემი მინისტრობის დროს მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება, იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა თუ სხვ. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მინდა, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს საამაყო ჯარს უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ. ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს პროექტი გაგრძელდება და ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე. ჩვენი სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური ფასდაუდებელია და ჩვენ ყველანი, ვალდებულები ვართ, რომ თქვენთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ თქვენი თავდადება და გმირობა დაფასდეს. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე და მინდა გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner