logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკი“ არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას იწყებს
- +

9 ოქტომბერი. 2023. 12:01

 

 

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ლიდერული თვისებებით გამორჩეულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს ფინანსური ინსტიტუტი ერთი წლის განმავლობაში პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს.

 

ამავე პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. რაც ნიშნავს იმას, რომ ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება.

 

„სიმბოლურია, რომ „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ, მსოფლიოში ცნობილ შენობაშია განთავსებული. „საქართველოს ბანკის“ გუნდისთვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების, გამორჩეული ქართველი ხელოვანების შესახებ ცნობიერებისა და ინტერესის ამაღლებას, რაც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოიხატება. ჩახავას სტიპენდიის შექმნა ჩვენი ღირებულებების გაერთიანების შედეგია - გვინდოდა, ჩვენი რწმენა ახალგაზრდებსა და მათ პოტენციალში კულტურულ ნარატივში გადაგვეთარგმნა. ასე შევქმენით ჩახავას სტიპენდია, რომელიც გვინდა იქცეს ახალგაზრდებისთვის შეხსენებად, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა მსოფლიო არქიტექტურის რუკაზე კიდევ ერთხელ განათავსონ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

 

„საქართველოს ბანკის“ ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. დეტალური ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner