ავტორი თაკო კვარაცხელია
უკანასკნელი მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა, 2 000-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია, ათეულობით კი, დაკარგულად ითვლება. საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრის დილიდან, მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ჩვენს დღევანდელ რესპონდენტთან, ჟურნალისტთან და პოლიტიკურ მიმომხილველთან ვალერი კვარაცხელიასთან ერთად შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ მიიღო ასეთი სასტიკი და მასშტაბური ფორმა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებამ, ვინ დგას ამ მოვლენების უკან და რას შეიძლება ველოდოთ, მსოფლიოს კიდევ ერთ ნაწილში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად...
- ბატონო ვალერი, მოდით, ჩვენი საუბარი უახლესი ამბით დავიწყოთ... ღაზის სექტორი ისრაელს მოულოდნელად დაესხა თავს და ახლო აღმოსავლეთში ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა. რა მოხდა, თქვენი აზრით, ისრაელში და ასე მოულოდნელად რატომ გაღვივდა მიძინებული კონფლიქტი?
- ერთ რამეზე შევთანხმდეთ. მე ვიცი მხოლოდ ის, რის შესახებაც წერენ და ლაპარაკობენ საინფორმაციო საშუალებები. რამე სხვა წყარო მე არ მაწვდის ინფორმაციას. მე შემიძლია ლოგიკურად ვიაზროვნო. სულ ეს არის, ჩემგან მეტის მოლოდინი ნუ გექნებათ ნურც თქვენ და ნურც თქვენს მკითხველებს. ეს თუ ვინმეს დააინტერესებს, კი ბატონო.
- მე მგონია, რომ მკითხველებს დააინტერესებთ თქვენი მსჯელობა.
- რაკი ასე ფიქრობთ, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს კონფლიქტი მიძინებული არასოდეს ყოფილა. მეორე ომის ერთ-ერთი შედეგი ებრაული სახელმწიფოს შექმნაც იყო. მას შემდეგ შვიდ ათეულ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი წუთითაც არ განელებულა, თუმცა, მართალია, სულ ერთნაირად არ მოდის რაკეტების წვიმა. პატარ-პატარა პაუზები აქვთ ხოლმე, წვიმიდან წვიმამდე.
- ახლა რაღაც განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო დაპირისპირებამ...
- კი, ისრაელმა გამოაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის ვითარებაშია.
- ჩემი შეკითხვა სწორედ ამას შეეხებოდა. რამ გამოიწვია ეს?
- სჯობს, ამ მოვლენებს ისრაელისა და პალესტინის ურთიერთობის კუთხიდან კი არა, გლობალური პროცესების კუთხიდან შევხედოთ. ახლა მსოფლიოს არცერთ კუთხე-კუნჭულში არაფერი ხდება გლობალური კონტექსტისგან მოწყვეტით. მსოფლიო მიდის დაპირისპირების გზით. კარს არის მომდგარი მესამე მსოფლიო ომი. ეს მოვლენა (მესამე მსოფლიო ომი) სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიოში დაგროვებულ წინააღმდეგობათა ჯამი. სწორედ ეს წინააღმდეგობები ფეთქდება ხან ერთ, ხან მეორე რეგიონში - ახლო აღმოსავლეთი, კავკასია, უკრაინა და ა.შ. ვინ დაიწყებს მტკიცებას, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებაა და მეტი არაფერი? არავინ, იმიტომ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ეს არ არის კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის, ეს არის კონფლიქტი, ერთი მხრივ, ზესახელმწიფოებს შორის, მეორე მხრივ, გლობალურ იდეოლოგიებს შორის, მესამე მხრივ, ერთპოლუსიან ჰეგემონიასა და მრავალპოლუსიანობას შორის.
- ისრაელისა დ პალესტინის მოვლენებიც ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ?
- ერთმნიშვნელოვნად. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტს აქვს ღრმა ისტორიული საფუძვლები, კონფლიქტის მხარეთა უკან მუდმივად მოიაზრებიან გლობალური ძალები. დააკვირდით, როგორც კი კონფლიქტი ცხელ ფაზაში გადავიდა, მსოფლიო ძალებმა კონფლიქტის მხარეებს ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისკენ კი არ მოუწოდეს, აქეთ-იქით გადანაწილდნენ და ცეცხლზე ნავთის დასხმა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს: „აშშ ცალსახად გმობს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას. ნეთანიაჰუს ვუთხარი, მზად ვართ, რომ შევთავაზოთ ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. აშშ აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერ სხვა მხარეს, რომელიც ამ სიტუაციაში უპირატესობას ეძებს, ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის მტკიცე და ურყევი“. ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებს ევოკავშირი. ჯოზეფ ბორელი აცხადებს: „შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში“. ანალოგიური იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც: „დიდი ბრიტანეთი ცალსახად გმობს ჰამასის საზარელ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე. გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“. ამავე დროს, არიან სახელმწიფოები, რომლებიც პალესტინელებს უჭერენ მხარს და რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ: ირანის ლიდერის ალი ხამეინის ოფიციალური მრჩეველი პალესტინელ მებრძოლებს ულოცავს „ისრაელზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმის განხორციელებას“ და აცხადებს: „პალესტინელი მებრძოლების გვერდით ვიქნებით პალესტინისა და იერუსალიმის გათავისუფლებამდე“. ყატარის ოფიციალურ განცხადებაშიც მთელი პასუხისმგებლობა დაკისრებულია ისრაელის სახელმწიფოზე. ეს ფაქტები განა იმაზე არ მეტყველებს, რომ ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირების უკან გლობალური ტენდენციები და პოლარიზებული მსოფლიოს ინტერესები დგას? ამ ტენდენციებისა და ინტერესების გარეშე დღეს მსოფლიოში ვერცერთ მოვლენას ვერ გავშიფრავთ. ისრაელისა და პალესტინის ომს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი გამოეხმაურა დაუინტერესებელი სახელმწიფოს პოზიციებიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო: „მოვუწოდებთ პალესტინისა და ისრაელის მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, უარი თქვან ძალადობაზე, გამოიჩინონ საჭირო თავშეკავება და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ხანგრძლივი და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარებას. ახლო აღმოსავლეთში“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამი იყო შემდეგი: „მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით“.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორ სახელმწიფოს, რუსეთს და ჩინეთს, ამ მოვლენების მიმართ, გარდა მშვიდობისმყოფელისა, თავიანთი ინტერესები არ გააჩნიათ?
- უაღრესად გულუბრყვილონი ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ისეთ გლობალურ მოთამაშეებს, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, საკუთარი პოზიციები არ ექნებათ. აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთიც და მეორეც ყველაფერზე მაღლა მშვიდობას აყენებს. ეს უფრო დიდი ინტერესია მათთვის, ვიდრე რომელიმე მხარეს დგომა. ამ პოზიციებშიც კი გამოიკვეთა, რომ მსოფლიო პოლიტიკის გლობალური მოთამაშეები ორ ნაწილადაა დაყოფილი - მშვიდობის მომხრე და ომის მომხრე სახელმწიფოებად. მშვიდობის სახელმწიფოები რუსეთი და ჩინეთია, ომის სახელმწიფოები - აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
- თქვენს მსჯელობაში უდავოდ არის ლოგიკა, მაგრამ რატომ მოხდა ასეთი დაყოფა? ბირთვულ ეპოქაში ძნელი დასაჯერებელია, რომ სახელმწიფოებს გლობალური ომის სურვილი ამოძრავებდეთ. ეს ხომ მათთვისაც კატასტროფის მომტანია.
- თქვენი შეკითხვაც ლოგიკურია, მაგრამ, როგორი დაუჯერებელიც უნდა ჩანდეს, დასავლეთს ორი გზიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოუწევს: ან საკუთარ სისტემურ კრიზისში ჩახრჩობა, ან კრიზისების დაძლევა ომის გზით. რუსეთს მშვიდობიანი თანაარსებობა თუ მიაჩნია განვითარების უმთავრეს პირობად, დასავლეთი ომში ეძებს ხსნას.
- ეს შეკითხვა რომ არ დაგისვათ, მკითხველებს უკმარისობის გრძნობა გაუჩნდებათ. რუსეთი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და წელიწადნახევარზე მეტია ომობს, მშვიდობის მტრედი როგორ არის?
- ეს პრინციპულად მცდარი შეხედულებაა. რუსეთი კი არ ომობს უკრაინაში, დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინაში. უკრაინის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიყვანეს დასავლეთის მარიონეტები, რომლებმაც საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ წარმოუდგენელი დანაშაული ჩაიდინეს. მათ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, პრაქტიკულად, გაანადგურეს, უკრაინელ ხალხს კი უსაშინლესი გენოციდი მოუწყვეს. ამერიკელებს სხვადასხვა დროს უსაშინლესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. კორეა, ვიეტნამი, ავღანეთი, იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, სირია დ ა.შ., ვინ მოთვლის, სად და რამდენი სისხლი აქვთ დაღვრილი, ბოლოს და ბოლოს, ჰიროსიმასა და ნაგასაკის აპოკალიფსური ტრაგედიის დამტრიალებელი ხალხისგან რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ უკრაინა ცოდვისა და დანაშაულის თვალსაზრისით სრულიად ახალი სიტყვაა, რომელიც ამერიკელებმა ჩაიდინეს. უკრაინაში მათ რუსეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღეს თავიანთი სახსრებითა და შეიარაღებით, მაგრამ ცოცხალი ძალა უკრაინულია. უკრაინაში შექმნეს ყველა პირობა იმისთვის, რომ რუსეთთან ომი აწარმოონ, როგორც თვითონვე ამბობენ, უკანასკნელ უკრაინელამდე. გესმით, ეს რას ნიშნავს? ამერიკელები რუსეთთან ომს აწარმოებენ უკრაინელთა სრულ ფიზიკურ განადგურებამდე. დასავლეთს არ უთქვამს, რომ მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, ისინი უნდა შეთანხმდნენ, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს. არა, ისინი ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას, რათა მან ბრძოლის ველზე დაამარცხოს რუსეთი. ანუ ისინი სულს უბერავენ და აღვივებენ ცეცხლს. ახლა ისრაელს უჭერენ მხარს. გეცნოთ ხელწერა? მათ ომის ძლიერი კერები სჭირდებათ დედამიწის სხვადასხვა წერტილში, რათა ეს ლოკალური ომები ერთიან, გლობალურ ომად გააერთიანონ, საიდანაც საკუთარი დაუძლეველი კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმს გამოძერწავენ. დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, რასობრივი, ზნეობრივი, სისტემური კრიზისის დაძლევის სხვა გზა, გარდა გლობალური ომისა, რომელიც ყველაფერს ჩამოწერს, არ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ ომი ისრაელსა და პალესტინას შორის დასავლეთის მიერ არის პროვოცირებული?
- მე რატომ? ამას აშშ-ის კონგრესში ლაპარაკობენ. ისინი არ მალავენ, რომ „ჰამასის“ მეომრები აშშ-ის იარაღით ესხმიან თავს ისრაელს. ეს მე ვარ?! დააკვირდით: მას შემდეგ, რაც რუსები მიხვდნენ, რომ დასავლეთის ერთადერთი მიზანი მათი სახელმწიფოს დანგრევაა, მათ ზურგი აქციეს დასავლეთს, რომელმაც რუსეთის იზოლაციაში მოქცევა ვერ მოახერხა. ამერიკელები გრძნობენ, რომ რუსეთის მზარდი კავშირები აზიის გიგანტებთან, აფრიკისა და თვით ამერიკის კონტინენტის უზარმაზარ სახელმწიფოებთან, აშშ-ს მეორეხარისხოვან მოთამაშედ აქცევს. ამერიკელები გამოსავალს მთელი აღმოსავლეთ ნახევარსფეროს აფეთქებაში ხედავენ, რაც ახლა ჰაერივით სჭირდებათ. ამ საქმისთვის უკეთესი დეტონატორი ვიდრე პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებაა, ძნელი წარმოსადგენია. პალესტინელთა ფარული შეიარაღება და წაქეზება, სიტყვით კი ისრაელისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, სუფთა ამერიკული ხელწერაა.
- კი მაგრამ, სად იყვნენ ისრაელის ნაქები დაზვერვა და სპეცსამსახურები?
- ეს კიდევ ერთი არგუმენტია ჩემი მსჯელობის გასაძლიერებლად. ისრაელის დაზვერვამ რომ ვერაფერი გაიგო, ფაქტია. ბრიტანეთის სპეცსამსახურებიც აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით მათ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონიათ. ვის, რომელ სახელმწიფოს შეეძლო, ასე ფარულად განეხორციელებინა ისეთი უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ამ მასშტაბის სამხედრო ოპერაციას სჭირდებოდა? ამ მოვლენაში ძალიან ბევრი ლოგიკური სამხილი გროვდება აშშ-ის წინააღმდეგ.
- თქვენ დიდი ხანია პროგნოზირებთ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, უკრაინის მოვლენებმა ეს საფრთხე რეალური გახადა, თუმცა ფაქტია, რომ ომი უკრაინის ტერიტორიას (ყოველ შემთხევაში, ამ ეტაპამდე) არ გასცდენია... ახლა კი, ომი ახლო აღმოსავლეთშიც გაჩაღდა... როგორია თქვენი პროგნოზი და რა ახალი საფრთხის წინაშე დგება მსოფლიო?
- მოვლენები შესაძლებელია ელვის სისწრაფით განვითარდეს. უკრაინას ახლო აღმოსავლეთი დაემატა. ორი დღის წინათ უკრაინის ცა ისეთივე სუფთა იყო, როგორიც დღეს საქართველოს ცაა. აშშ ორი მოგიზგიზე ხანძრისთვის მესამეს მიმატებას თუ გადაწყვეტს, ვთქვათ, კავკასიაში, ამასაც ალბათ, მოახერხებს. ამიტომ უნდა გვესმოდეს, თუ რა დიდი ძალისხმევის შედეგია მშვიდობა, რომლის შენარჩუნებასაც საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით ახერხებს.
- უკრაინაში დაწყებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე დაიწყო ლაპარაკი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის შესახებ. თუმცა, ლიბერალებად მონათლული ქართველი რადიკალ-ექტრემისტები ყველანაირად ცდილობდნენ, ეს თემა სარკაზმითა და ირონიით შეეფუთათ და რუსეთის აგენტებად შეერაცხათ ყველა, ვინც კი აღნიშნული საფრთხის შესახებ საუბრობდა... ბატონო ვალერი, რა უნდა დაანახოს რიგით ქართველს ისრაელის მაგალითმა და, თქვენი აზრით, გახდა თუ არა მეტად დასაფასებელი მშვიდობის ფასი ჩვენს ქვეყანაში?
- ამ შეკითხვას, მგონი, უკვე ვუპასუხე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს საქართველოს მთავრობის უდიდეს დამსახურებას მშვიდობის შენარჩუნებაში. საქართველოში სტუმრად მყოფ ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად საქართველო შესთავაზა, თვითონ კი მომრიგებლის მისია იკისრა. ალიევმა ეს შეთავაზება სიხარულით მიიღო. ეს რას ნიშნავს? ირაკლი ღარიბაშვილი მშვიდობისთვის მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში იბრძვის. ამისი იგნორირება შეუძლებელია.
- მსოფლიო ომის ქარცეცხლში გახვევის საფრთხის წინაშე დგას, ჩვენთვის კი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მოგვცემს თუ არა ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს და აიღებს თუ არა დასავლეთი პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალსა და უსაფრთხოებაზე. პრემიერ-მინისტრი ესპანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, არ დაჩაგრონ და არ შეურაცხყონ ქართველი ხალხი და მოგვცენ დამსახურებული სტატუსი. რა ნაბიჯს ელით ევროპისგან და მოგვცემენ თუ არა ღარიბაშვილის ხელისუფლების პირობებში სტატუსს, მაშინ, როცა სწორედ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს საქართველოში ხელისუფლების დამხობას და მათი მეხუთე კოლონის მოყვანას?
- ძნელი სათქმელია, რას გადაწყვეტს დასავლეთი. მათ იმისთვისაც აქვთ საფუძველი, რომ სტატუსი მოგვანიჭონ და იმისთვისაც, რომ არ მოგვანიჭონ. გააჩნია, რას მიანიჭებენ უპირატესობას - ომს თუ მშვიდობას. სტატუსი თუ მოგვანიჭეს, შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ სტატუსზე უარი თუ გვითხრეს, ე. ი. სახელმწიფო გადატრიალებისა და ომისთვის გვამზადებენ. ჯერჯერობით, როგორც გითხარით, მთელი კოლექტიური დასავლეთი მსოფლიოსთვის ერთი დიდი ომის პარტიაა.