„ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია მოთქვამდა, რომ იმპიჩმენტის დღეს სხდომაზე არ უნდა შესულიყვნენ. ეს არის გარკვეული რყევა, რომელიც საკმაოდ აშკარა იყო. თუ ვინმეს უნდა უხაროდეს, რომ ღია კენჭისყრა იქნება, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა იყოს – შემოვიდნენ, იმუშაონ, დეპუტატი სხდომაზე უნდა იჯდეს და ხმას აძლევდეს. ზოგადად, არა მხოლოდ იმპიჩმენტზე, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე, ფარული კენჭისყრის დღის წესრიგიდან მოხსნა პოზიტიურია. პარლამენტი და ქვეყანა პოლიტიკური პარტიების არ არის. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ ვის და როგორ აძლევს ხმას, ვის რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ საკითხზე, მათ შორის იმპიჩმენტზე. ამიტომ რადიკალური ოპოზიციის ღელვა, მითქმა-მოთქმა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რა საკვირველია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. კონსტიტუციის პატივისცემა ყველა განვითარებულ დემოკრატიაში ერთ-ერთი პირველია, რაც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს აყალიბებს. ამ შემთხვევაში, საგანგებო მნიშვნელობა ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. კენჭისყრის შემდეგ გამოვლინდება, ვინ რა დამოკიდებულებაშია ქვეყანაში დემოკრატიასთან, კონსტიტუციასთან. არ მგონია, ხმების საკმარისი რაოდენობა მოგროვდეს, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის არის საჭირო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება.