„ცესკო-სთან კომუნიკაციით გადავწყვიტეთ, რომ მასშტაბური კამპანია, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, დაიწყოს პარლამენტიდან, ადგილიდან, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგია დაინერგოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაციაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით იმართებოდა დისკუსია, იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რამდენად შეძლებდა საქართველო ეს ტექნოლოგია მასშტაბურად დაენერგა.
„სულ ახლახან, გორში და სხვა ოლქებში არჩევნების დროს დადასტურდა ჩვენი ოპტიმისტური მიდგომა, რომელიც გვქონდა. რა თქმა უნდა, საჭიროა საინფორმაციო კამპანია და დღეს სწორედ ამას ვიწყებთ. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ბევრ სპეკულაციას გამორიცხავს და ამავე დროს, უზრუნველყოფს შედეგების სწრაფად დათვლას და მოსახლეობისთვის მიწოდებას. პარლამენტმა, როგორც სამართლებრივად უზრუნველყო ამ ტექნოლოგიების შემოღება, ასე ცესკო-სთვის შესაბამისი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომ ეს ტექნოლოგია შესყიდულიყო, რაც მნიშვნელოვანი და საამაყოა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დეზინფორმაციული კამპანიის მხილებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ამ მხრივ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს. 2020 წლის არჩევნები გამორჩეული იყო იმ საინფორმაციო შტურმით, რომელიც მიდიოდა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, ასე მცდელობა იყო, რომ დემოკრატიული ინსტიტუტის დისკრედიტირება მომხდარიყო. სამწუხაროდ, ყველა კითხვას დღემდე პასუხი არ აქვს გაცემული - თუ როგორ იყო ეს საინფორმაციო შტურმი ორგანიზებული და განხორციელებული 2020 წელს, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ, ცესკო-ს მყარი პოზიციიდან გამომდინარე და ფაქტების გამჟღავნების წყალობით, ყველა მანიპულაცია თუ დეზინფორმაცია გაქარწყლდა. არაფერს ვიტყვი პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე, რომელსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია ახორციელებდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან ერთი თვე იცოდა, რომ შედეგები მცდარი იყო და ამას მალავდა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი გამოწვევები მომავალ არჩევნებშიც იყოს. ამიტომაც იყო მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომ ტექნოლოგიები, რომელსაც მინიმუმზე დაჰყავს სპეკულაციის შესაძლებლობა თითქოს ადამიანური ფაქტორით შეიძლება მომხდარიყო რაიმე მანიპულაცია, ყოფილიყო შემოღებული. ჩვენ მომავალ არჩევნებში, თითქმის სრულად დავფარავთ ტექნოლოგიებით საარჩევნო უბნებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ზოგიერთი კრიტიკოსი გამოჩნდა, რომელიც ცდილობს, რომ ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობა შეიტანოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მყარად დავდგეთ ამ ტექნოლოგიის დაცვის მხრივ. მათ შორის, გასულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ფაქტობრივად არ არსებობდა საჩივარი, პრეტენზია არჩევნებთან დაკავშირებით. ესეც გვაძლევს რწმენას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ვხედავთ, რომ ცესკო მიუკერძოებლად და სისტემურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება გეგმას, რომელიც დასახული აქვს საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესების, გამართვის, ტექნოლოგიების შემოღების მხრივ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კამპანია, რომელსაც ცესკო იწყებს, წარმატებული იქნება.
„ჩვენი, პოლიტიკოსების ვალიც არის, რომ ამომრჩევლებს ავუხსნათ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა - პოლიტიკური სპექტრი თუ აქტიური სამოქალაქო ჯგუფები ვიყოთ ერთიანი, რათა პროექტი, რომელიც გარკვეულწილად, ქართული პროექტიც არის, რადგან მას თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც გამოარჩევს სხვა ქვეყნების ტექნოლოგიებისგან, ვაქციოთ წარმატებულად, რომლითაც მთელი საქართველო იამაყებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ღონისძიებაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 2024 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ელექტრონულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საგანმანათლებლო, ინფორმაციული შეხვედრა პარლამენტიდან დაგვეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ დეპუტატები ხართ ის ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეთ ამ მნიშვნელოვან რეფორმას ჯერ კიდევ გასულ წელს“, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში არჩევნების პროცესის იმიტაცია გაიმართა.
ღონისძიებას დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ესწრებოდნენ.