პარლამენტის ბიურომ 17-20 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კენჭსაყრელ საკითხთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კენჭსაყრელ საკითხებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და უკვე მერამდენედ მივმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებს: არცერთ ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით არ გამოთქმულა არც საჯაროდ, არც გასაუბრებების დროს რაიმე პრინციპული, უარყოფითი პოზიცია. ერთადერთი, რაც აკლია ამ საკითხს, არის ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას. როგორც იცით, ჩვენ სამი არამოსამართლე წევრი უკვე ავირჩიეთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც ევროკომისიამ მოიწონა, ჩათვალა უკვე ნაწილობრივ შესრულებულად და გვითხრა, რომ შემდეგი ორიც ავირჩიოთ.
კანდიდატები არის, ყველაფერი ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რადგან მათი ხმებია საჭირო, რომ მოხდეს წევრების არჩევა. კიდევ ერთხელ მივმართავ ოპოზიციას, თავისი წვლილი შეიტანონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს დაემატა რამდენიმე კანონპროექტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და საკითხების განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.