"მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ ჰამასი და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ამდენი ადამიანის სიკვდილისა და გატაცებისთვის პასუხს აგებენ," - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა გადაცემაში „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებს ურჩევს, რომ ინსტრუქციები გაითვალისწინონ.
„სამწუხაროდ, დღეს ისრაელის დიდ ნაწილზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. იერუსალიმში, თელ-ავივში, აშკელონსა და აშდოდში ძალიან ბევრ ისრაელელს კიდევ ერთხელ მოუხდა თავშესაფარში ჩასვლა, თუმცა უსაფრთხოების ძალები სამხრეთში ვითარებას აკონტროლებენ. ამ ეტაპზე ისრაელის სამხრეთის ქალაქებში აქტიური დაპირისპირებები აღარ მიმდინარეობს. გვქონდა ინციდენტი ლიბანიდან ტერორისტების გადმოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ინციდენტი ახლა კონტროლს ექვემდებარება. ეს ომია, რაც ახლა გვაქვს ომია, ჩვენ ფოკუსირებული ვართ მოქალაქეების უსაფრთხოების აღდგენაზე. მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ ჰამასი და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ამდენი ადამიანის სიკვდილისა და გატაცებისთვის პასუხს აგებენ. მათ მთლიანი ოჯახები მოკლეს. ძალიან რთულია სისასტიკის ამ მაჩვენებლის გააზრება, თუმცა ამავდროულად არავის უნდა აერიოს ეს სისუსტეში. ჩვენ მყარად ვდგავართ და ძლიერები ვართ. რთული პერიოდი გვაქვს. ჩვენ ყველას ვურჩევთ, მიჰყვნენ ზოგად ინსტრუქციას, იმას, რომელსაც ისრაელში ყველა უნდა დაემორჩილოს. გააკეთონ ის, რასაც მათ დასაცავად მიუთითებენ. ისრაელში მარტო ქართველები არ გვყავს, ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქე გვყავს. ნათელია, რომ ასეთ დროს ავიაკომპანიებზე ძალიან დიდი ზეწოლაა, თუმცა ყველა დაფრინავს. აეროპორტი ღიაა. მე შემიძლია ადამიანებს ვურჩიო, რომ ინსტრუქციები გაითვალისწინონ“, - აღნიშნა ჰადას მეიცადმა.