დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მომდევნო წლის ბიუჯეტში სამინისტროების დაფინანსებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 7 მლრდ 735 მლნ ლარით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 მლრდ 340 მლნ ლარით; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებისათვის გამოყოფილია 460 მლნ ლარი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის - 3 მლრდ 350 მლნ ლარი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 685 მლნ ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფინანსდება 646 მლნ ლარით, იუსტიციის სამინისტრო - 400 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მლრდ 370 მლნ; ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 მლრდ 210 მლნ ლარი.
გიორგი კაკაურიძემ დიასპორული პოლიტიკის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
„საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 187,5 მლნ ლარი. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფარგლებში, ლევილის მამულის რეაბილიტაციის ნაწილში, გათვალისწინებულია 3 მლნ 500 ათასი ლარი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს დიასპორის მიმართულებით 1 მლნ 900 ათასი ლარი იყო დაფინანსება, 1 მლნ 600 ათასი ლარი უკვე ათვისებულია, წლის ბოლომდე კი მოხდება დანარჩენი თანხის ათვისებაც.
მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას, ბიუჯეტის პროექტის განხილვებზე გამოთქმული შენიშვნების შედეგად კი მთავრობა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს ნოემბერში წარუდგენს.