logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

10 ოქტომბერი. 2023. 10:20

 

 

პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი სესიაშვილი „ტვ პირველზე“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტს განცხადებით გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა „ნოდარ მელაძემ, მისმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და მოწმედ მოყვანილმა პოლიტიკურმა კლოუნმა ირაკლი ნადირაძემ მიმართეს უკიდურესად ზნედაცემულ საქციელს“.

 

სესიაშვილის თქმით, გადაცემის და მის ავტორთა მთავარი მიზანი იყო ერთადერთი - ცრუ დასმენა, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა.

 

„ამ გადაცემის დამფუძნებლებს, ცხადია, ვერ ვასწავლი მორალს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ უკიდურესად ამორალურია პოლიტიკური მოტივაციით ტრაგედიებით მანიპულირება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.

 

როგორც ჩანს, ნოდარ მელაძემ, მისმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და მოწმედ მოყვანილმა პოლიტიკურმა კლოუნმა ირაკლი ნადირაძემ მიმართეს უკიდურესად ზნედაცემულ საქციელს და ყოველგვარი, თუნდაც მოჩვენებითი, მტკიცებულების და აპელაციის გარეშე, ჩემი სახელი დაუკავშირეს ვაკის პარკის უმძიმეს ტრაგედიას, რაც ბუნებრივია, საზოგადოებაში ემოციურ ტკივილს აღძრავდა.

 

რა იყო სიუჟეტის შინაარსი - მე მაკავშირებს ბავშვობის მეგობრობა კონკრეტულ პირთან, რომელიც 2016 წელს აფუძნებს და 18%-იან წილს ფლობს კომპანიაში, რომელსაც 2018 წელს ტოვებს, ასხვისებს აქციებს და შემდგომში ეს კომპანია მონაწილეობს მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტიზაში.

 

ჩატარებული გამოძიებით დასტურდება, რომ მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არ უკავშირდება ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორები ცდილობენ ტრაგიკული ფაქტების ემოციური კადრების გამოყენებით და ჩემი სახელის მრავალჯერ ხსენებით საზოგადოებაში გააჩინონ ეჭვი ამ უმძიმეს მოვლენებთან ჩემი რაიმე ფორმით კავშირის შესახებ.

 

სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არათუ რაიმე კავშირი არ მქონია ამ კომპანიასთან, მისი სახელწოდებაც კი ამ გადაცემიდან პირველად გავიგე.

 

ამ გადაცემის და მის ავტორთა მთავარი მიზანი იყო ერთადერთი - ცრუ დასმენა, ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა, რის მიღწევასაც უნიჭოდ შეეცადნენ ავტორები ბინძური მედიატექნოლოგიით: უმძიმესი ემოციური კადრების ფონზე მაქსიმალურად ხშირად ხდებოდა ჩემი სახელის და გვარის ხსენება, ჩემი სახელის ტრაგედიასთან ასოცირების მიზნით, საქმესთან ყოველგვარი მტკიცებულებითი კავშირის გარეშე. ერთადერთი ჩემი კავშირის დადგენა, რაც ამ მჩხიბავებმა მოახერხეს, არის ჩემი ბავშვობის მეგობრობა პირთან, რომელმაც აღნიშნული კომპანია დატოვა 5 წლით ადრე, ვიდრე ვაკის პარკის ტრაგედია დატრიალდებოდა.

 

მელაძე და მისი ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ მედიაპროდუქტის შექმნის ისეთ მეთოდოლოგიებს, სადაც ცდილობენ თავი დაიძვრინონ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. მათ მიერ გამოთქმული ვარაუდისა და „საფუძვლიანი ეჭვის“ განსამტკიცებლად ეფარებიან პოლიტიკური თაღლითების ვითომ „გამოკვლეულ“ დოკუმენტებს (რომელიც ჩემს შემთხვევაში ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს).

 

„მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, ასე აღმოჩნდა ირაკლი ნადირაძე ამ სიუჟეტის მთავარ „გმირად“, რომელმაც მტკიცებით ფორმაში ბრალი დამდო კომპანიის მფარველობაში, რომელმაც თითქოს პასუხი არ აგო იმიტომ, რომ ჩემთან ჰქონდა კავშირი.

 

ჩემი განვლილი ცხოვრება და ცხოვრების წესი არ მაძლევს იმის საშუალებას, აღვიქვა, როგორ უნდა დაეცეს ადამიანი იქამდე, რომ უმძიმესი ტრაგედია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვისი პოლიტიკური რეპუტაციის შელახვისთვის, ბინძური მედიატექნოლოგიების გამოყენებით დააბრალოს ადამიანს რაიმე ფორმით კავშირი ბავშვის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან.

 

მელაძე, ნადირაძე, ჩიხლაძე, თქვენი გონებით იმასაც ვერ ხვდებით, თუ რამხელა ტკივილს აყენებთ გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს და ახლობლებს, როცა მიზანმიმართულად ცდილობთ შექმნათ დამნაშავის სახე და საზოგადოების ნაწილში აღძრათ ეჭვი მძიმე დანაშაულებთან ადამიანების კავშირზე, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცით, რომ მე არანაირი შეხება მაქვს ამ საქმეებთან.

 

შევხვდებით საგამოძიებო ორგანოებში, შევხვდებით სასამართლოში!“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner