კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
სამეცნიერო კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა.
„მოხარული ვართ, გიმასპინძლოთ საქართველოში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ თქვენ, საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების წამყვანი მეცნიერები დღეს ღვინის სამშობლოს საპატიო სტუმრები ხართ. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2014 წელს დავიწყეთ. პროექტის მიზანი საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად დადასტურებისათვის ახალი მონაცემების შეგროვება იყო. კვლევის შედეგებმა ვაზის მოშინაურებასა და ღვინის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ახალი რეალობა გააჩინა, 2017 წელს, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. დღეს, კონფერენციის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მკვლევარებთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასთან ერთად გვინდა შევაჯამოთ პროექტის შედეგები და მომავალი კვლევების პრიორიტეტებზე ვიმსჯელოთ“, -აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხ.აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება.
ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) მეცნიერები. პროექტი სწავლობს ქართულ ვაზსა და ღვინოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საშუალებით, რათა გამოიკვლიოს მისი ისტორია, თანამედროვე მდგომარეობა და წარმოაჩინოს მევენახეობა - მეღვინეობის მომავალი განვითარების პოტენციალი.
როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერმა, მკვლევარმა, პატრიკ მაკგოვერნიმ აღნიშნა, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტით უკვე დადასტურდა ქართული ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია. გრძელდება გათხრები, კვლევები და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მეტი დადასტურება ამოვა ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესახებ.
კონფერენცია მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგების შეჯამებას და სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობას.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.