თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 10-15 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიმართება.
კინოფესტივალი 10 ოქტომბერს, 19:30 საათზე ნანა ჯანელიძის სადებიუტო ფილმით - „ოჯახი“ (1985 წ) კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება.
წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება, რადგან 2023 წელი ქართული თეატრისა და კინოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის, ხოლო კინოფაკულტეტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
2023 წელს ფესტივალი ოთხ გამარჯვებულს გამოავლენს:
ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის რეჟისორის, კინოოპერატორისა და რეჟისორისთვის.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალში მსოფლიოს 11 ქვეყანა მონაწილეობს: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ესპანეთი და საქართველო.
საერთაშორისო საკონკურსო კინოპროგრამის ჟიურის წევრები არიან: ჟიურის თავმჯდომარე - პიოტრ სლისკოვსკი, კინოოპერატორი (პოლონეთი, ლოძის კინოსკოლა), ვადიმ პროდანი - რეჟისორი (მოლდოვა, კიშინიოვის კინოსკოლა) და თეო ხატიაშვილი - კინოკრიტიკოსი.
ფესტივალის ფარგლებში უკვე მესამედ ჩატარდება ინდუსტრიული პლატფორმა „ფიჩინგ ფორუმი“, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოდგენს. ფორუმი დამწყებ კინორეჟისორებსა და პროდიუსერებს, პროექტების განვითარებაში, მათ სწორ წარდგენასა და დაფინანსების მოძიებაში უწყობს ხელს.
პროექტის ტუტორი იქნება ქეთი მაჭავარიანი, ხოლო ჟიურის წევრები: ინეკე სმიტსი, კინორეჟისორი, ჰოლანდია; მარიამ ჭაჭია, რეჟისორი, დოკუმენტალისტი და ვანო არსენიშვილი, რეჟისორი, დოკუმენტალისტი. ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზებს და კომპანია „ჯაგაგრიპის“ ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ მომავალი ნამუშევრისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება პანელ დისკუსია „პერსპექტივები“, რომელშიც მოწვეული საერთაშორისო კინოხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას და სტუდენტებთან ერთად განიხილავენ როგორც პროფესიულ გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებს და პერსპექტივებს, ხოლო აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის ცნობილი ამერიკელი პროდიუსერის, გეილ ენ ჰერდის მასტერკლასი გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.
ფესტივალი 15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში დაიხურება, სადაც გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებული ფილმის ჩვენება მოეწყობა.
„ამირანი“ ღონისძიების საგანმანათლებლო ხაზის გაძლიერების, სტუდენტებისთვის საერთაშორისო კავშირებისა და გამოცდილებების გაზიარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებსა და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში: ვორქშოფები, ლექციები და ფიჩინგ ფორუმი, შეხვედრები საპატიო სტუმრებთან.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა, თუმცა მალევე შეჩერდა. „ამირანი“ 2007 წელს აღდგა და საერთაშორისო სტატუსი დაიმსახურა.
„ამირანი“ არის პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისთვის, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიის წინაშე, გაიცნონ კოლეგები საერთაშორისო მასშტაბით და დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები მომავალი პროექტების განსახორციელებლად.
კინოფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.