logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: თუ სახელმწიფო სკოლაში მოსწავლის დაფინანსების ვაუჩერი გაიზარდა და 600 ლარია, საპატრიარქოს სკოლებში არის ამის ნახევარი - 300 ლარი, რაც სასურველია გათანაბრდეს
- +

10 ოქტომბერი. 2023. 16:06

 

 

უბრალოდ, განათლების ბიუჯეტის ფარგლებში რომ მოიძებნოს ეს დაფინანსება, რომ ამ სკოლებში ვაუჩერი ბავშვს მიეცეს იმდენივე, რაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში აქვთ. მგონი, ამის გაკეთება სახელმწიფოს ვალდებულებაც და მოვალეობაცაა, “ - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპატრიარქოს სკოლებზე საუბრისას განაცხადა.

 

სუბარის თქმით, სახელმწიფო სკოლებში ბავშვის დაფინანსების ვაუჩერი ორჯერ მეტია, ვიდრე საპატრიარქოს სკოლებში და სასურველია, რომ ეს თანხა გათანაბრდეს.

 

შევეჩვიეთ, რომ ამერიკულიდან რომ კანონს ვთარგმნით, რომელიც ამერიკაშივე წარმატებით მოქმედებს, „რუსული კანონია“; შევეჩვიეთ იმასაც, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თუ ახსენებ, რუსი ხარ და ქართულ ოპოზიციას წითელი თვალები ენთება. ახლაც მიცემ სალაპარაკოს: გავაგრძელებ იმ თემას, რაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, ბიუჯეტის შესწორების დროს ვილაპარაკეთ - შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას. მაშინაც ვთქვი, რომ ეს 25 მილიონი მთლიანად მიემართება სკოლებისა და განათლების სფეროს დაფინანსებაზე. საპატრიარქოს ამ წუთში 38 საშუალო სკოლა აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, საიდანაც მხოლოდ ხუთია თბილისში, დანარჩენები რეგიონებშია. კარგი სკოლებია, ზოგიერთში პირადად ვარ ნამყოფი. მშობლები და ბავშვები კმაყოფილები არიან. ისეთივე პროგრამა აქვთ, რაც სახელმწიფო სკოლებს; სერტიფიცირება და ავტორიზაცია გავლილი აქვთ.

 

რა განსხვავებაც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საჯარო სკოლებისგან ასეთ სკოლებში, სწორედ იმის გამო დაჰყავთ მშობლებს ბავშვები იქ, თუმცა, ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება, პირიქით, სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფოს პრიორიტეტებთან. ამ სკოლებს დაფინანსება განსხვავებული აქვთ. ეს არ არის კერძო, კომერციული სკოლები, ესენი არიან ააიპ-ები, მაგრამ ბავშვის დაფინანსების ვაუჩერი თუ სახელმწიფო სკოლაში გაიზარდა და 600 ლარია (თუ არ ვცდები), ამ სკოლებში არის ამის ნახევარი - 300 ლარი. მარტო პატრიოტიზმით მასწავლებლები ვეღარ დადიან და ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება გადინება.

 

უბრალოდ, განათლების ბიუჯეტის ფარგლებში რომ მოიძებნოს ეს დაფინანსება, რომ ამ სკოლებში ვაუჩერი ბავშვს მიეცეს იმდენივე, რაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში აქვთ. მგონი, ამის გაკეთება სახელმწიფოს ვალდებულებაც და მოვალეობაცაა. ეს სკოლები რომ არ არსებობდეს სასულიერო რომ არ იყოს, პირდაპირ იგივე დაუჯდებოდა სახელმწიფოს. ანუ, რამე განსაკუთრებულს კი არ ვითხოვთ, რომ არარსებული ფული საიდანმე მოვიტანოთ, არამედ ეს გათანაბრება მოხდეს. აღარაფერს ვამბობ სასულიერო უნივერსიტეტზე, აკადემიაზე და ა.შ. იქ ისეთი პროფესორები და მასწავლებლები მასწავლიდნენ პირადად მე, როცა იქ ვიყავი - ზურაბ კიკნაძე, ზურაბ სარჯველაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, დამანა მელიქიშვილი და ა.შ., რომ უფრო მაღალი დონის პროფესურა საქართველოში ძნელი წარმოსადგენია. იქაც, პრაქტიკულად, ძალიან დაბალი ხელფასებია სხვა სასწავლებლებთან შედარებით, მაგრამ ამ წუთში, იქნებ იმ 38 საშუალო სკოლის ვაუჩერის პრობლემა გადავწყვიტოთ,” - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner