გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შემუშავებასთან დაკავშირებით, ექსპერტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
„საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესს კომიტეტი თვისებრივად ახალი მიდგომის - კანონპროექტის მომზადებამდე საკონსულტაციო დოკუმენტების, მწვანე და თეთრი წიგნების მომზადების და წარდგენის გზით წარმართავს. „მწვანე წიგნის“ საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ გაიმართა სამი საკონსულტაციო შეხვედრა თელავში, ქუთაისსა და თბილისში. „მწვანე წიგნის“ ანალიზის საფუძველზე შემუშავდა „თეთრი წიგნი“ და ასევე, იგეგმება საჯარო განხილვის ორგანიზება „თეთრ წიგნთან“ დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ბრიტანეთის მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონის შემუშავებაზე.