„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა დაეფუძნოს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, ობიექტურ კრიტერიუმებს. არ შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს კანონმდებლობაში ისეთი საკითხების ასახვასთან, როგორებიც ევროკავშირის ქვეყნებში არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული და თანხვედრაშია ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო, პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ ბოლომდე. თუ კანდიდატის სტატუსი იმაზე დამოკიდებული, თუ როგორი ცდა ჩავატაროთ საქართველოს კანონმდებლობაზე, ამას დამერწმუნეთ ჩვენ არავინ არ გვთხოვს. სად არის მითითებული, რომ ჩვენ ცდები უნდა ვატაროთ კანონმდებლობაზე? ჩვენ ევროკავშირის კანდიდატობა იმიტომ გვჭირდება, რომ ევროკავშირის ქვეყნების სამართალს დავუახლოვდეთ და ჩვენი სისტემა დავაახლოოთ ევროკავშირის სტანდარტებთან. როდესაც ვინმე გვეუბნება, რომ ამის საწინააღმდეგო რამ განვახორციელოთ, სავსებით ლეგიტიმურია ვთქვათ, რომ ეს არ არის თანხვედრაში ევროკავშირის სტანდარტებთან“, - განმარტა ანი ოხანაშვილმა.