„საქართველოს პარლამენტმა ვერ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომლებიც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი, სამართლებრივ მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა, ან ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა“, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის მიერ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას.
ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, კონკრეტიკას მოკლებული და ბუნდოვანია. მისივე თქმით, პარლამენტი მზად არის, მხედველობაში მიიღოს ის რეკომენდაციები, რომლებიც სამართლებრივ მოსაზრებებზე და ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული.
„ერთ-ერთი ბუნდოვანი რეკომენდაცია უკავშირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც ყოველგვარ კონკრეტიკას იყო მოკლებული და რომლის შესახებაც დაზუსტებული რეკომენდაციები ვერც კონსულტაციების მსვლელობისას მივიღეთ.
ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის შესახებ მით უფრო ბუნდოვანია, რადგან ამ კომისიამ 2017-2018 წლების დასკვნებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობა უაღრესად დადებითად შეაფასა.
საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძობს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზადაა, მხედველობაში მიიღოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დაფუძნებული იქნება სამართლებრივ მოსაზრებებზე და შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.