საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება მყარი საფუძველი იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დუბაიში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიმართა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ყოვლისმომცველი და მაღალი დონის შეთანხმება, რომელიც ემსახურება საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას და აერთიანებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ყველა მხარისთვის.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ ხაზი გაუსვეს, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისთვის.
ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 92%-ით გაიზარდა და 314,20 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და 31,12 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება იმპორტს, ის 98%-ით გაიზარდა და 283,08 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„ეს მაჩვენებლები არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნების პოტენციალს და მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ მათ გასაუმჯობესებლად. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის. კერძოდ, საქართველო – მისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ბიზნესგარემოთი შეიძლება, საუკეთესო კარიბჭე იყოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებისთვის რეგიონში. მეორეს მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს გაფართოებულ შესაძლებლობებს საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიის პოპულარიზაცია-განვითარებისა და საექსპორტო პროდუქციის მასშტაბის გაზრდის მიზნით“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებსი ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.