NATO -ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო დატოვეს. NATO -ს დელეგაცია აეროპორტიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს ელჩმა ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძემ და NATO -ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააცილეს.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო NATO -ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. გუშინვე გაიმართა NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, იქამდე კი NATO -ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.
უკვე დღეს იენს სტოლტენბერგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს შეხვდა, მოგვიანებით კი ავლაბრის სასახლეში გადაინაცვლა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა შეხვედრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ შედგა საქართველოს პირველი პირის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, რის შემდეგაც NATO -ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას. ასევე, NATO -ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" და შეხვდა სტუდენტებს.
NATO -ს ელჩები კი შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების- არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და უმცირესობების წარმომადგენლებს.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს უკვე მეოთხედ ეწევია, ხოლო ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოში ეს მათი პირველი საგარეო ვიზიტი იყო.