რუსთავის მერიამ, ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო.
პროექტი, აფხაზეთს ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დღეს აფხაზეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც აფხაზეთის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი განტვირთავს ცენტრალურ ქუჩას. აქ მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ფეხით მოსიარულეებისათვის ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო იქნება, ვიდრე აქამდე იყო. დაემატება განათების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, დაემატება მწვანე სივრცეები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, კომპანია GWP-იმ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, 500 მეტრი სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი განაახლა, ამავე ქსელზე, მოეწყო 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 6 საკვანძო ჭა.