აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის სფეროებში. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა ყველა პლატფორმაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე, რაც საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის კონსული ბათუმში რიზა ქააღან ილმაზი ესწრებოდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინათინ ზოიძემ.