დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მიზნით, სააგენტო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
დაცული ტერიტორიების მიმდებარედ აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ტრენინგები თემაზე: ,,ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი“ 30-მდე ფერმერმა გაიარა. მონაწილეები გაეცნენ აგროტურიზმის სპეციფიკასა და პრინციპებს, დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
აგროტურიზმი დაცული ტერიტორიების მიმდებარე ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ვიზიტორებს გააცნონ ტრადიციულ სოფლის მეურნეობის პრაქტიკა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართონ; ტრენინგის მონაწილეებმა, თეორიულთან ერთად, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე აგროტურისტული ობიექტი დაათვალიერეს.
ტრენინგები GEF/UNDP/CNF-ის პროექტის „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მიზანია დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებით პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ორგანიზაცია „საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელი“ (GePAFN).