"ფაქტია, რომ როდესაც საკონსტიტუციო კომისიის სხდომები თბილისში იმართებოდა მისი კაბინეტიდან ერთი სართულით მაღლა, ის მაინც არ ესწრებოდა ამ სხდომებს," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა თამარ ჩუგოშვილზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც არგუმენტები არ გაქვს, ჯობია ეს აღიარო, ვიდრე, სპეკულაციისთვის მსგავს მგრძნობიარე თემებს შეეხო. ფაქტია, რომ კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა სამ თვეს და აქედან ერი თვე მან მივლინებაში გაატარა. ფაქტია, რომ როდესაც ეს სხდომები თბილისში იმართებოდა მისი კაბინეტიდან ერთი სართულით მაღლა, ის მაინც არ ესწრებოდა ამ სხდომებს. დასანანია, როდესაც ამგვარ მეთოდებს შენი ყოფილი თანაგუნდელი მიმართავს და ამას აკეთებს იმისთვის, რომ როდესაც პროცესზე არგუმენტები არ გაქვს შენი სუსტი პოზიციები მსგავსი თემებით გადაფარო“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
რა მიზეზით არ ესწრებოდა თამარ ჩუგოშვილი 2017 წელს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას? - კითხვამ წარსული შესახებ კონსტიტუციაზე პაექრობისას ჩუგოშვილი გააღიზიანა. აღმოჩნდა, რომ რეალობა არც იმ არგუმენტს ადასტურებს, რაც ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძის პასუხად თავის მართლებისთვის გამოიყენა. „ქრონიკამ“ პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაარკვია, რომ ჩუგოშვილი 2017 წლის 21 იანვრიდან 18 აპრილის პერიოდში, დაახლოებით ერთი თვე მივლინებაში იმყოფებოდა. საქართველოში ყოფნის დროს კი პლენარულ სხდომებს ესწრებოდა.
სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სხდომების გაცდენის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის დასახელება არგუმენტების არარსებობას მიანიშნებს.