თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციამ პოლონეთში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის წევრებმა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის ლევან დარახველიძის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის, ასევე საკრებულოს წევრების- დავით უთმელიძისა და იოსებ მანჯავიძის შემადგენლობითა და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ კრინიცაში 6-8 სექტემბერს გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს თავმჯდომარე ფორუმზე მოხსენებით „მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა" გამოვიდა და აქცენტი ინოვაციებსა და ინტელექტუალურ რესურსზე გააკეთა.
„ინტელექტუალურ რესურსს თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 21-ე საუკუნეში არსებული კონკურენციის პირობებში უპირატესობას აღწევს ის, ვინც ბაზარს ინოვაციებს სთავაზობს. ეს კი ახალი ბაზრის შექმნას უწყობს ხელს.
ამ მხრივ პოტენციალი საქართველოში საკმარისია და ეს, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური კაპიტალია", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ფორუმზე მოხსენებებით დელეგაციის სხვა წევრებიც გამოვიდნენ.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა მოხსენება სახელწოდებით -„დაქირავებულთა როლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში" წარმოადგინა, ხოლო საკრებულოს წევრმა იოსებ მანჯავიძემ ფორუმის მონაწილეებს მოხსენება თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა. საჭიროა ცვლილებები?" გააცნო.
26-ე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ცენტრალურ ევროპაში თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა, 25 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების, მთავრობის წევრებისა და ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღები პირების შეხვედრის ადგილი იყო.
წელს ფორუმში მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე წარმომადგენელმა მიიღო და მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებებში ძირითადი აქცენტები გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე იყო გაკეთებული.
პოლონეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, 9 სექტემბერს თბილისის საკრებულოს დელეგაცია ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება და შეხვედრებს ქალაქის საბჭოში გამართავს.