აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ჯგუფის წევრებს ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის პროცესის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ მიაწოდა.
„ჩვენი მიზანი პირველ რიგში კერძო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და მათი რეგისტრაციაა, ხოლო შემდეგ რაც დარჩება, ის ნაკვეთები რეგისტრირდება სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ არ დარჩება არცერთი ნაკვეთი, რომელზედაც არ იქნება საკუთრება რეგისტრირებული, არ იქნება აზომილი და განსაზღვრული მისი ფართობი, მდებარეობა, კოორდინატები და ყველა სხვა მონაცემი, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდეგ სახელმწიფომ დაითვალოს კონკრეტულად რა მიწის ნაკვეთები აქვს, რა ფართობებია, როგორი კონფიგურაციაა და სად მდებარეობს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მიზნობრივი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა დავით დევიძემ.
მისი ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან დაიწყო 59 მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ არეალებზე. დღეისათვის აზომილია 524 ათასამდე მიწის ნაკვეთი - 172 ათასი ჰა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 426 ათასი ნაკვეთი. რეგისტრაცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
სამუშაო ჯგუფმა ასევე მოისმინა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელზეც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ისაუბრა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, სისტემური რეგისტრაცია მართლაც მასშტაბური პროცესია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესში მონაწილეთა თავდადება. „ეს ერთმნიშვნელოვნად კარგი და წარმატებული პროექტია, თუმცა ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას საჭიროებს ეს უფრო პრივატიზაციის მიმართულებას ეხება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.