თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სპეციალისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ისაუბრეს სკრინინგისა და ნაადრევი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე; დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს სკრინინგ ცენტრებსა და სერვისებზე, ასევე, სახელმწიფოს პროგრამებზე მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ არის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც უკავშირდება ჩვენ ჯანმრთელობას და ხვალინდელ დღეს. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელ თაობაზე. არსებობს კვლევები, თუ რა ეფექტის მოტანა შეუძლია ძუძუს კიბოს ნაადრევ დიაგნოსტირებას. ნაადრევ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობას აქვს ეფექტი. პრევენცია უკეთესია ვიდრე მკურნალობა“, - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა ხაზი გაუსვა სტუდენტების როლს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
„ამ კამპანიის მიზანია გააქტიურდეს ძუძუს კიბოს პრევენციული ღონისძიებების გატარება. თანამედროვე კვლევების თანახმად, ნაადრევი დიაგნოსტიკა 86-87 პროცენტიანი გარანტიით იძლევა სიცოცხლის ხარისხის გარანტიას. თქვენ ხართ თაობა, რომელსაც შეგიძლიათ არა მხოლოდ თქვენ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, არამედ თქვენს გარშემომყოფ ადამიანებს, ახლობლებს სწრაფად და სწორად მიაწოდოთ ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უბიძგოთ პრევენციული ზომების მიღებისკენ. თქვენს მიერ გატანილი ინფორმაცია ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარი იქნება“, - აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ნინო წილოსანმა, რიმა ბერაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა.
საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა, რომლით სარგებლობაც 40-70 ასაკის ჯგუფში მოხვედრილ ქალებს უფასოდ შეუძლიათ. ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება მცირე ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, ამიტომ ინფორმაციის სწორად მიწოდება აუცილებელია.