საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისგან" შეცდომების აღიარება არ მოუსმენია.
როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალები", მათ შორის სანდრა რულოვსი, უნდა გამოვიდეს და თქვას, პოლიტპატიმარია თუ არა ახალაია, მერაბიშვილი, რომ 7 ნოემბერი, 26 მაისი იყო შეცდომა.
„ჯერ უნდა აღიარონ, ბოდიში მოიხადონ და მერე უნდა თქვან, რომ აღარ გააკეთებენ. ვერ ვნახე მათი გულწრფელი მონანიება, არ მომისმენია, რომ აღიარებენ დანაშაულებებს. ისინი ზოგადად ამბობენ, ქალბატონმაც ასე თქვა, რომ ჩახედა თავის მეუღლეს თვალებში და ამოიკითხა, რომ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებდა. გადაცდომაა, რომ ახალგაზრდა ბიჭები ჩაცხრილეს?! რომ აწამებდნენ პატიმრებს?! რომ უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ?! რომ მთელი ბიზნესი იყო მართული?! მათ გარეშე ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა. დააკონკრეტონ, რომელ დანაშაულებზეა საუბარი. როდესაც ახალაია, მერაბიშვილი პოლიტპატიმრებად გამოაცხადეს, ესენი მოინანიებენ?! გამოვიდეს ქალბატონი სანდრა და განაცხადოს, არიან ეს ადამიანები პოლიტპატიმრები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, შიში და ძალადობა „ნაციონალების" იდეოლოგია იყო.
„სანდრა რულოვსმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ მიშა ისეთი კაცია, ხალხს შეიძლება ეშინოდესო. შიშზე უნდა იყოს აგებული მართვა?! ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის. ასეთი ხელისუფლებაა დღეს, ასეთი სტანდარტები დავტოვე მე სწორედ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ და ამიტომაც არ ვაკრიტიკებ ცალკეულ პოლიტიკოსებს, ისინი სტანდარტებს იცავენ. ვერც ერთ მინისტრს ვერ დაასახელებთ, კორუფციაზე ეჭვიც კი არაა დღეს. თუ სადმე რამე გაფაჩუნება იყო, გამგეობის დონეზე, რეგიონში შეიძლება რაღაცეები ხდებოდეს... უნდა თქვან", - განაცხადა ივანიშვილმა.