„შარშან საკმაოდ უსამართლოს მოგვექცნენ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა ამორალური და უსამართლო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბოლო ერთ წელიწადში ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია,, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება. წლის ბოლოს ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც მე ვფიქრობ ექნება მყარი საფუძველი. თუ დამსახურებაზეა საუბარი, საქართველომ დაიმსახურა სტატუსი, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით საქართველო არის 2-ჯერ-3-ჯერ წინ, ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა. იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება თუ პოლიტიკური, რა თქმა უნდა მესმის, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.