„დავით უსუფაშვილი კვირიკაშვილთან მიმართებაში რამდენად კაცურად მოიქცა, თვითონ უსუფაშვილმა უნდა თარგმნოს", - ამის შესახებ რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კვირიკაშვილი ესაუბრებოდა გარკვეულ თემებსა და თანამშრომლობაზე, უსუფაშვილმა კი ეს ყველაფერი საჯაროდ გამოაცხადა.
„კვირიკაშვილი იყო გაოცებული. კაცს ესაუბრებოდა თემებზე და თანამშრომლობაზე, ეს კი გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა. ეს რამდენად კაცური იყო, თვითონ თარგმნოს. ამით ეგონა, რომ ვინმე დაგვაზარალა. მას ჰქონდა უარგუმენტო კრიტიკა კვირიკაშვილის მიმართ. აბსოლუტურად უარგუმენტოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რომ არაფერს წარმოადგენს, არაფერი იცის ამ კაცმა და მე კონკურენტად გამომაცხადა. ღმერთმა დამიფაროს, რანაირად უნდა ვიყო მისი კონკურენტი. მე არავის კონკურენტი არ ვარ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით უსუფაშვილს სთავაზობდნენ, პარტიიდან გამოსულიყო და დამოუკიდებელი დეპუტატი ყოფილიყო.
„დავით უსუფაშვილს სთავაზობდნენ და ეს ჩემი იდეა იყო. თინა ხიდაშელისთვის არავის შეუთავაზებია. ამ თემებზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები. შევთავაზე და ვუთხარი, რომ იქნებ დამოუკიდებლად გამოხვიდე და რესურსი პოზიტიურად მოახმარო სახელმწიფოს, მეტი როლი ეთამაშა სახელმწიფოს აღმშენებლობაში. კიდევ კარგი, არ გამოვიდა, რადგან მან საკუთარი ქმედებით საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის სწორედ ამ პარტიის წევრი უნდა იყოს და მას არ აქვს მეტი რესურსი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს" „ცუდი პარტნიორები" უწოდა.
„ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი 4 წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ პრინციპულ თემაზე, ისინი ოპოზიციის როლში გვევლინებოდნენ. მათი ცოდნა და გამოცდილება ძალიან ხშირად არა პოზიტივში, არამედ უარყოფითში ჯდებოდა. როდესაც უსაფრთხოების სამსახური გამოეყო პოლიციას, ვნახეთ, რომ მათი ცოდნა საქმეს საწინააღმდეგოდ მოხმარდა. ხმალაძე და უსუფაშვილი დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ გასაღების თემაზე. მოსმენების თემა იყო პრობლემა, თუმცა დღეს არც ერთი შემთხვევა არ არის ბოროტად გამოყენების უსაფართხოების სამსახურის მხრიდან. იმდენად გაერთნენ ეს მცოდნე იურისტები, რომ დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ. ეს არც ევროპას და არც ამერიკას დასიზმრებია. დამოკიდებულება ჩანდა ყველგან ერთი და იგივე, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას" - როგორმე დაესუსტებინათ პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მათმა ცოდნამ, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებულნი მხარს არ უჭერდნენ ამ საკითხს და იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ მათი როლი თანხვედრაში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ".
„მათ ობიექტურობასაც მინდა გავუსვა ხაზი. მათ არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. ამის მაგალითს ვიტყვი. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ასე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას, რაც სჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოსახლეობის ფულს. უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და „გააპრავა" იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო, კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა, როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა, დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს აბსურდია, რადგან, თუ გინდა გააძლიერო ინსტიტუტი, ის უნდა გააკრიტიკო. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა, მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით - უკან მოუტრიალდათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ" პასუხისმგებლობაზე საუბარი დაიწყო, რაც ყველაზე დიდი შეცდომა და უნიჭობა იყო.
„ყელაზე დიდი შეცდომა და უნიჭობა რაც გამოავლინეს, იყო ეს - მახსოვს, შეხვედრის დროს უსუფაშვილი მეუბნებოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა გავიზიაროთ. რომელ პასუხისმგებლობაზე მეუბნები, მე ვამაყობ, როგორც ხელისუფლება იქცევა-მეთქი. ისიც ვერ მოახერხეს, რომ უამრავი პოზიტივი მიიწერონ და იამაყონ. იმის ნიჭი არ ჰყოფნით, ეს გააკეთონ. გადმოხტნენ და მკვეთრ კრიტიკაზე ისაუბრეს", - აღნიშნა ყოფილა პრემიერმა.