logo_geo
eng_logo
მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ჰაერის ხარისხის მონიტორინგი: მიმდინარე პროგრესი, გამოწვევები და სამომავლო მიმართულებები“
- +

12 ოქტომბერი. 2023. 20:30

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით.

 

 

მან ისაუბრა პარლამენტის მიერ უახლოეს წარსულში მიღებულ კანონებზე, რომლებმაც წვლილი უნდა შეიტანონ ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების პრევენციაში. მათ შორისაა ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული რეგულირებები, ამტვერების აღკვეთა, გამწვანების პროექტის ინტეგრირება სივრცით კანონმდებლობაში, გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი, საწარმოებში თვითმონიტორინგის ვალდებულება და ემისიების შესახებ ახალი კანონის პროექტი.

 

 

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ამ საკითხთან გასამკლავებლად ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგისა და ძირითადი დამაბინძურებლების ანალიზის წარმოება მოიაზრება, რის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სწორი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების დასახვა.

 

 

კონფერენციაზე იმსჯელეს გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ინიციატივაზე, რომლის საფუძველზეც გარემოს ეროვნული სააგენტო, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს “ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით”. აღინიშნა, რომ იმავე პროექტის ფარგლებში ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა შემუშავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner