"საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხსენებელმა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე ისაუბრა.
„მომდევნო წელს ვგეგმავთ 5,2% -იან ეკონომიკურ ზრდას. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 2,8%-ს. ნომინალური მშპ იქნება- 85,4 მლრდ ლარი. ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია და შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს. ხოლო ვალის მაჩვენებელი ასევე შემცირებულია და შეადგენს 38,2%-ს. აღნიშნული პარამეტრების მიხედვით გვაქვს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები - 21,2 მლრდ ლარი. ყველაფერი ეს, ერთობლივად გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რომელიც ჯამურად შეადგენს 27,8 მლრდ ლარს“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში შემოსულობები ჯამში შეადგენს 23,881.7 მლნ ლარს ხოლო, ხარჯვითი ნაწილი კი 24,161.2 მლნ ლარს, საიდანაც მესამედზე მეტი, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებზე მიემართება.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომამდე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა, რომელიც სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, კანონპროექტი მომზადდა 2016 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ორ მხარეს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფის შესახებ სტანდარტების დადგენას.
„კანონში შემოდის ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის ცნება, რომლის დაცვის სტანდარტები დადგინდება აღნიშნული კანონით. ამ დაცვაზე ეროვნული პასუხისმგებელი ორგანო იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც შეიქმნება ცენტრალური რეგისტრი და ასევე, იმ ორგანოებს საქართველოში რომელსაც ექნებათ წვდომა ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციაზე ექნებათ რეგისტრების შექმნის შესაძლებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით“, - განაცხადა მომხსენებელმა.
როგორც მან განმარტა, კანონით დგინდება ამ ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური სტანდარტები ფიზიკური და იურიდიული პირის დაშვების პროცედურები და კრიტერიუმები. ასევე იქმნება სამართლებრივი საფუძვლები, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ინფორმაციის დაცვის და მასზე მიზნობრივი წვდომის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები დაადგინოს.
„ამ კანონის მიღება და მისი დადებითად შეფასება შემდგომში გახდება წინაპირობა რომ საქართველომ, უკვე როგორც ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყანამ, მიიღოს საიდუმლო ინფორმაცია და იგი საკუთარი ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების მიზნებისთვის გამოიყენოს და ამავდროულად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირსაც, როგორც პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
დღესვე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებებს.