საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აპარატის უფროსის მიწვევით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის აპარატის ხელმძღვანელთან - ფარიდ გაჯიევთან და აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრა ასევე შედგა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრს დეპუტატებთან. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების აპარატების საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
ქეთევან კვინიკაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.