"რომ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილის სწორი დამოკიდებულება ეროვნული ავიაკომპანიის მიმართ და გამოვლენილი კეთილი ნება, რაც მისი ბანკიდან კრედიტის გამოყოფაში გამოიხატა, დღეს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ იარსებებდა, რაც ქართული სამოქალაქო ავიაციის დანგრევის ტოლფასი იქნებოდა," – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, რობერტ ოგანესიანმა.
ოგანესიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარსაც ეხმაურება და მას საპრეზიდენტო ფონდიდან ისრაელში ჩარჩენილი ქართველებისთვის დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.
„ჯორჯიან ეარვეისი“ ისრაელში ფრენებს განაგრძობს!
დიდი ხანია, რაც ეს სათქმელი მაწუხებს, მაგრამ აქამდე თავს ვიკავებდი. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი სომხური და რუსული წარმომავლობის გამო. არ მინდა ვინმემ არამკითხე მოამბეს იარლიყი მომაწებოს. მართალია, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ, მაგრამ მაინც… დღეს კი, არ შემიძლია, არ ვთქვა ის, რაც გულწრფელად მაწუხებს, როგორც საქართველოს მოქალაქეს და, როგორც ეროვნული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს.
სამოქალაქო ავიაციაში ჩემი კარიერა ბატონ თამაზ გაიაშვილთან დაიწყო, როდესაც იმ ეკიპაჟის წევრი გავხდი, რომლის მეთაურიც იგი იყო. მერე იყო „აირზენას“ („ჯორჯიან ეარვეისი“) დაფუძნება და მისი ჩამოყალიბება ეროვნულ გადამზიდველად. დღე და ღამეს ვასწორებდით, რო კომპანია ფეხზე დაგვეყენებინა, რაც სამოქალაქო დაპირისპირებისა და შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების თარეშის პირობებში ძალიან რთული იყო. ყველაფერს გავუძელით. მას შემდეგ ოცდაათი წელიწადი გავიდა. ეს პერიოდი ისეთივე მძიმე და ფათერაკებით აღსავსე აღმოჩნდა ქართული ავიაკომპანიისთვის, როგორც თვითონ საქართველოსთვის. ომი იყო აფხაზეთში და ომობდა ჩვენი ავიაკომპანიაც. რამდენი ჩვენი თანამშრომელი დასახიჩრდა და რამდენი შეეწირა იმ ეროვნულ ტრაგედიას. უკან არასოდეს დაგვიხევია, არცერთ ჩვენს მფრინავს თავი არასოდეს დაუზოგავს. დამეთანხმებით, რომ ომისგან ალმოდებულ ქალაქებში, სადაც სამხედრო თვითმფრინავები და რაკეტები დაფრინავენ, სამოქალაქო ავიაციის ადგილი არ არის. ჩენი მფრინავები კი დაფრინავდნენ და საბრძოლო მასალა და პროდუქტი ჩაჰქონდათ, იქიდან კი დაღუპულები, დაჭრილები და ლტოლვილები გამოჰყავდათ. ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებდნენ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ იმ პერიოდში მიმდინარეობდა ჩვენი ავიაკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა.
დრო გადიოდა, მაგრამ საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. აფხაზეთის ომს 2008 წელს ცხინვალში რუსეთ-საქართველოს ომი მოყვა. იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ფრენა ყველა ავიაკომპანიამ შეწყვიტა, ვინაიდან რისკის ზონას წარმოვადგენდით. ჩვენ კი დავფრინავდით. ყველა ის მოღვაწე, ვინც საქართველოს მხარში დაუდგა და ყველა ის უცხოელი ჟურნალისტი, ვინც ომის ბატალიებს აშუქებდა, ჩვენ ჩამოვიყვანეთ, მაგრამ ჩვენს მიმართ ღვარძლი მაშინაც არ განელებულა. იმ დროს, როდესაც ავიაკომპანიაც და ქართველი მფრინავებიც მადლობას იმსახურებდნენ, საქართველოს მაშინდელმა „ლიდერმა“ ეეროვნული გადამზიდველის სტატუსი მოგვიხსნა და ავიაკომპანია გაკოტრების პირზე მიიყვანა. ეს მაშინ, როცა ევროპულ სახელმწიფოებს ყველას ჰყავს ეროვნული გადამზიდველის სტატუსის მქონე ავიაკომპანია („ეარფრანი“ – საფრანგეთი; „ლუფტჰანსა“ – გერმანია; „ბრიტიშ ეაერვეისი“ – დიდი ბრიტანეთი და სხვ.) მესმის, რომ ყოველთვის მოიძებნებიან პიროვნებები ან ჯგუფები, რომლებიც ბიზნესის დისკრედიტაციის მცდელობით არიან დაკავებულნი, მაგრამ ამას სახელმწიფოებრივი ხასიათი მაინც არ უნდა ჰქონდეს. რომ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილის სწორი დამოკიდებულება ეროვნული ავიაკომპანიის მიმართ და გამოვლენილი კეთილი ნება, რაც მისი ბანკიდან კრედიტის გამოყოფაში გამოიხატა, დღეს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ იარსებებდა, რაც ქართული სამოქალაქო ავაციის დანგრევის ტოლფასი იქნებოდა.
თურქეთს თურქული ავიაკომპანიის მეშვეობით გააქვს ეროვნული ღირსება. ასე იქცევიან ევროპული სახელმწიფოებიც. ჩვენც ქართული დროშით დავფრინავთ და ქართულ სახელმწიფოს წარმოვადგენთ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში.
პანდემიის დროს, როდესაც ყველა მთავრობა მხარში ედგა სამოქალაქო ავიაციას და დახმარების პროგრამებს უფინანსებდა, ქართული ავიაკომპანია არავის გახსენებია. ბოდიშს ვიხდი, ავიაკომპანიისთვის დახმარება არ გახსენები თორემ კომპანია გაახსენდა კი არა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სულ თითი გვიქნია. ვირუსთან რომ ვერაფერს გახდა, ბრძოლა ჩვენ გამოგვიცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებშიც კი, ფრენები ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია.
ახლა, როდესაც ისრაელში ომი მძვინვარებს და, როგორც ჩვენი თანამემამულეები, ასევე ჩვენი ისტორიული ძმები და დები (ებრაელები) იქიდან გამოყვანას ითხოვენ, ჩვენ ისევ ვასრულებთ რეისებს ქვეყანაში, რომელის თავზეც ათასობით რაკეტა დაფრინავს და ბომბები გაუთავებლად ცვივა. ყველა ევროპულმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა ისრაელში ფრენა, ჩვენ კი დავფრინავთ. რისკს ვწევთ, მაგრამ პასუხად დაუმსახურებელ კრიტიკას ვიღებთ. – ერთხელ მაინც დადექით ხალხის გვერდით, – მოგვიწოდებს პრეზიდენტი საქართველოსი. მინდა შევახსენო ქალბატონ პრეზიდენტს, ჩვენ ოცდაათი წელიწადია ხალხის გვერდით და ხალხის სამსახურში ვდგავართ. ჩვენ გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში ახალი გადასული ვართ. ამის მიუხედავად, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. რამდენადაც ვიცი, თქვენ გაგაჩნიათ საპრეზიდენტო ფონდი, საიდანაც შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ისრაელში ჩარჩნენ და შველას ითხოვენ.
სამწუხაროდ, ჩვენ არაფერი გვსმენია თქვენ მიერ მათთვის გაწეული დახმარების შესახებ. მათთვის დახმარების გაწევის ნაცვლად თქვენ ჩვენი კრიტიკით ხართ გართული.
რა ჰქვია ამას? რა დამოკიდებულებაა ეს? რას ემსახურება იგი?
თუ ეს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალტექნოლოგიური დარგისთვის, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია, ზურგში მახვილის ჩაცემის მცდელობაა, რატომ? რისთვის? რა მოტივით? ვინც ამას სჩადის, განა არ ესმის, რომ ამ დარგის დანგრევით ქვეყანას ადგება გამოუსწორებელი ზიანი?! არა მგონია, ამგვარი მიდგომის ფესვები მხოლოდ საქართველოს შიგნით იყოს საძებნი, მაგრამ ამ ტკივილიან პატარა წერილში უფრო შორს წასვლა არ მინდა. ისედაც გული მეთანაღრებოდა, მეთქვა თუ არა ის, რაც ვთქვი.
ერთსაც დავძენ: ეს ყველაფერი პირადად ბატონ თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა თუ არის, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიიდან მის სახელს ვერავინ წაშლის, რადგან მიწასთან გასწორებული დარგი მან თითქოს ფერფლიდან აღადგინა და პერსპექტივა შეუქმნა. იგი ყველგან იყო, აფხაზეთშიც, ცხინვალშიც. იგი დაფრინავდა კიევში სწორედ მაშინ, როდესაც სხვა ავიაკომპანიები უარს აცხადებდნენ უკრაინაში ფრენებზე. საქართველოდან უკრაინაში ჩასული ჰუმანიტარული ტვირთი მთლიანად ჩვენი ჩატანილია და ეს სწორედ ბატონ თამაზ გაიაშვილის გადაწყვეტილებითა და რისკის გაწევით ხდებოდა. არც უკრაინიდან დააყოვნა ჩვენი ღვაწლის „დაფასებამ“, უკრაინულ სანქცებში მოგვაყოლეს. ვინ უნდა დაგვიცვას ასეთ შემთხვევებში? რა თქმა უნდა, სახელმწიფომ! ტრანსპორტი, განსაკუთრებით ავიაცია, მასზე სახელმწიფოებრივი ზრუნვის გარეშე ვერ განვითარდება. სახელმწიფო კი, რომელსაც საკუთარი ძლიერი სამოქალაქო ავიაცია არ გააჩნია, შორს ვერ გაფრინდება.
რამდენიმე დღეში „აირზენა“ („ჯორჯიან ეარვეისი“) არსებობის ოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, პირადად ბატონ თამაზ გაიაშვილს, ჩემს თითოეულ კოლეგას ეს ლამაზი და მნიშვნელოვანი თარიღი. მინდა გამოვთქვა რწმენა და იმედი, რომ საქართველო უკან მოიტოვებს მძიმე კატაკლიზმებით აღსავსე ეპოქას, გადაივლის ღრუბლიან დღეთა ქრონიკა, „ჯორჯიან ეარვეისის“ მგზავრები კი იფრენენ მსოფლიოს სხვა და სხვა მიმართულებით ბედნიერი და ღიმილიანი სახეებით, როგორც გამარჯვებული საქართველოს მოქალაქეები და, ჩინებულ ქართულ რომანში ნათქვამისა არ იყოს, როგორც საკუთარი სამშობლოს ღირსეული დესპანები“, – განაცხადა რობერტ ოგანესიანმა.