"ჩვენთვის, „ენჯეოების“ ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები და ასეთ შემთხვევაში სათანადოდ ვიმოქმედებთ," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
„სადაც წარმოდგენილი იყო იურიდიულ მოსაზრებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამებოდა ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს, რაც საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიის დასკვნიდან ჩანს.
ამის მიუხედავად, ჩვენ ვთქვით, რომ კონსულტაციებისთვის კვლავაც მზად ვართ ევროკომისიასთან. დამატებით თუ იქნება რეკომენდაციები, რომელიც იქნება თავსებადი ევროკავშირში დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომელიც იქნება დაფუძნებული სამართლებრივ მოსაზრებებზე, ყველაფერთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ ვიყოთ ღია და გავითვალისწინოთ ნებისმიერი რეკომენდაცია. ყველაფერი სრულდება ისე, როგორც არის შესასრულებელი.
არის ასეთი რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებით არ არჩევას, თუმცა ვენეციის კომისია იქვე მიუთითებს, რომ ეს განმეორებით არჩევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით, ვიღაცები ამბობენ, რომ იქ არის კორპორატივიზმის პრობლემა და ა.შ. ამიტომ, რაც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დამკვიდრებული, იქნებ თქვენ არ გააკეთოთო. ეს არის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. ეს არის რაღაც მიზანშეწონილობის თემა, რომელიც ეფუძნება ენჯეოების მიერ გავრცელებულ ჭორებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.