"კელი დეგნანი არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები, არც მისი წინამორბედი, იან კელი არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და რა თქმა უნდა, ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან შეხვედრები, კონსულტაციები, პარტნიორობა და თანამშრომლობა.
„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩი იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან შეხვედრები, კონსულტაციები, პარტნიორობა, თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრული ღიაობაა ამ კუთხით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.