კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს) ნორვეგიასთან წაგებულ (0:4) მატჩი შეაფასა.
„თამაშზე არაფერი გვაქვს სათქმელი. სამწუხაროდ, ჩვენ მეტოქესთან სათამაშოდ ძალები მხოლოდ 45-50 წუთი გვყოფნის. არ მინდა თავის გამართლება, მაგრამ ნორვეგიისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვენთვის ძალიან რთულია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ნორვეგიის მსგავს გუნდებთან მატჩის განმავლობაში ზეწოლას ვერ გავუმკლავდებით.
ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნაკრების ორ-სამ დღიან შეკრებაზე ბევრს ვერაფერს შევცვლით, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები კლუბებში არ თამაშობენ. ასეთ პირობებში შედეგებზე ფიქრი რთულია. ნორვეგიის ნაკრებში კი თითქმის ყველა ფეხბურთელი ტოპ-ლიგიდანაა. ჩვენ გვინდა მოგება, მაგრამ ნორვეგიას მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავს.
ყველა შეხვედრის მეორე ტაიმი გუნდისთვის პრობლემაა. ახლა საქართველოში გავემგზავრებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ესპანეთის დონის არ არის, მაგრამ კარგი გუნდია და რთული მატჩი გველის. ამიტომ ვეცდებით, ჩავიდეთ თბილისში და იქნებ, მცირედს მაინც მივაღწიოთ.
დავიღალეთ ყველა თამაშის შემდეგ ისეთ რაღაცეებზე ლაპარაკით, რაც კვიპროსელებსა და ჩვენს გუნდებს ნაკლებად აინტერესებთ. ყველა მატჩს თუ გადავხედავთ, პირველ ტაიმში ცუდად არ გამოვიყურებით, მეორეში კი საპასუხო შეტევების ძალა საერთოდ არ გვაქვს. ბიჭები ძალიან ცდილობენ, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ გუნდში ათზე მეტი ფეხბურთელია, რომელთა ასაკიც 23 წლამდეა და გამოცდილება არ აქვთ.
რატომ არ შეგვიძლია მაღალ ტემპში თამაში? გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც პრაქტიკა აკლიათ – ესაა ყველაფრის მიზეზი. უახლოეს მომავალში ნაკრებში რა უნდა შეიცვალოს? ზოგს არ შეუძლია გაანალიზოს და გაიგოს, რა დონეზე ვთამაშობთ და რა გუნდებს ვხვდებით. მთავარია გამოცდილება არა კვიპროსზე, არამედ ევროპულ ფეხბურთში.
სხვათა შორის, ჩვენ თავდამსხმელს, იოანის პიტას ვესაუბრეთ და მან გვითხრა, რომ მისი პრიორიტეტი კლუბში, „აიკში“ გამოსვლაა, რომელსაც საქმეები შვედეთში კარგად არ მიდის. ამ დღეებში კი დასვენება სურდა, რადგან ტრავმა აქვს. ჩვენც გვინდა, რომ ყველა ფეხბურთელი ჩამოვიდეს და გუნდისთვის მსხვერპლი გაიღოს. ამ საკითხში გარკვეული მენტალური პრობლემები გვაქვს. ფაქტორები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ფეხბურთელებზე, აიძულებენ მათ ეროვნულ ნაკრებში არ ჩამოვიდნენ. ყველა საკუთარ ინტერესებით საზრდოობს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.