logo_geo
eng_logo
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარებას საორგანიზაციო შტაბი უხელმძღვანელებს
- +

13 ოქტომბერი. 2023. 12:49

 

 

26-27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც  მაღალი ინტერესია  როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება.

 

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და  ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

 

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში  ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა.

 

საორგანიზაციო შტაბი ფორუმის დასრულებამდე ყოველდღიურად, სრული დატვირთვით იმუშავებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner