„Mona.ge დესტრუქციული გეგმის ნაწილია, რაზეც სუს-მა ისაუბრა. ფრთხილად იყვნენ ასეთი ინიციატივების კეთებისას, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გაჩენილი პრობლემებისთვის“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე რუსეთის გავლენასთან ბრძოლის მიზნით პლატფორმას, სახელწოდებით mona.ge აფუძნებენ.
მისი თქმით, ყველა იყოს ფრთხილად ასეთი უპასუხისმგებლო ინიციატივებისას.
„თუ ასეთი ინიციატივა გულწრფელად აქვთ, ზოგ-ზოგიერთმა თავიანთი ფოტოსურათის გამოქვეყნებით დაიწყონ ასეთი პორტალის კეთება. რასაკვირველია, აბსოლუტურად თვალსაჩინოა დამთხვევა და ის, რომ არაგულწრფელია ეს ინიციატივა. ეს არის კონკრეტული დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რაზეც ისაუბრა სუს-მა. ვეცდები, ავხსნა, რაში მდგომარეობს კვალი და კორელაცია. მათ სურვილი აქვთ, რომ დაძაბულობა შექმნან, ყოფითი ურთიერთობის დონემდე დაიყვანონ კონფრონტაცია ადამიანებს შორის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს მშვიდობა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და კორექტულობას არ უნდა სცდებოდეს. საგანგებოდ მინდა მოვუწოდო ყველას, იყვნენ ფრთხილად ასეთი ინიციატივების კეთებისას, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ბევრი გაჩენილი პრობლემის გამო, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამ თვალსაზრისით! ასე რომ, მოწოდება იქნება, გნებავთ, თხოვნა დავარქვათ ან მოთხოვნა - ყველა იყოს ფრთხილად როცა ასეთ უპასუხისმგებლო ინიციატივებს „აპრომოუტირებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.