„მნიშვნელოვანია სახელი დაერქვას იმას, რასაც ჰქვია კონსტიტუციის უპატივცემულობა და კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა, წინასწარვე ვთქვით, რომ შესაძლოა ეს პროცესი ასრულდეს ისე, რომ ვერ მოვიპოვოთ საჭირო ხმების რაოდენობა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას.
„მე პირადად მგონია, რომ სწორი პოლიტიკური სვლა იყო ეს იმ თვალსაზრისითაც, რომ გამოჩნდება ვინ დაუჭერს მხარს კონსტიტუციის დარღვევის დაშვების იდეას. შესაბამისად ესეც იქნება ერთგვარი ლუსტრაცია პოლიტიკური ძალების შეხედულებების სისტემაში რა ადგილი უკავია სამართლის უზენაესობის პრინციპს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.