საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პროფესიული სინდისი გვერდით გადადეს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის დარღვევა ხელისგულზე დევს და ამის არდადგენა სამართლებრივად კითხვას გააჩენს ნებისმიერ იურისტში.
„ვამბობდით, რომ ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი და ეს ხელისგულზე დაიდო, როცა ჩვენ ვკითხულობდით: „წარმოადგენს“ და „წარმომადგენლობითი უფლებამოსილება“ განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან? ამაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან ელემენტარული პასუხი ვერ მივიღეთ. ამას მიზანმიმართულად აკეთებდნენ. პროფესიული სინდისი გვერდით გადადეს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს კონსტიტუციონალისტები არ წარმოადგენდნენ. თუ პრეზიდენტის სამართლებრივი პოზიციები იმდენად მყარი იყო და ისე იმოქმედა კონსტიტუციის ფარგლებში, ნებისმიერი კონსტიტუციონალისტი, რომელიც პროფესიულ სინდისს პატივს სცემს და დარწმუნებული იქნებოდა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა არ ვიცი, პრეზიდენტმა ვერავინ დაითანხმა თუ უარი უთხრეს. თუ სამართლებრივი სისწორე სახეზე იყო, როგორ შეიძლებოდა, რომ კარგ კონსტიტუციონალისტს მისი ინტერესები არ დაეცვა? კონსტიტუციის დარღვევა ხელისგულზე დევს და, რა თქმა უნდა, ამის არდადგენა სამართლებრივად კითხვას გააჩენს არა მხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან. მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად – თუ კონსტიტუციით იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.