„ვინც მეგობარს არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო, ნათქვამია და ეს რუსთველისეული მიდგომა ძალიან კარგად ესადაგება ჩვენს ოპოზიციას, ოღონდ ოპოზიცია საკუთარი თავის არა, ქვეყანას ემტერება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც ვიქტორ ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ყველაზე მძიმე და მტკივნეულია, როდესაც უყურებ, როგორ ლანძღავს და აკრიტიკებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერს და ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარს ოპოზიცია. ამ ყველაფერს აკეთებს იმ ჭრილში, იმ განცხადებების ფონზე, როდესაც ორბანი აცხადებს, რომ საქართველოს მხარდამჭერი იქნება ევროკავშირში სტატუსის მოპოვების გზაზე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ოპოზიციაში აფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული“ ორბანი ევროპაში ერთადერთი ლიდერია, რომელიც დღევანდელ ხელისუფლების მხარდამჭერია.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.