ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე.
„ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქ.სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ.)
დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. დოკუმენტში ნათქვამია,რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატივოსხდის.
ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს,განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
ამასთან,ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.