ელექტროენერგიის, წყლის, საწვავისა და საკვების მიწოდების შეწყვეტა ღაზაში მცხოვრები ორი მილიონი ადამიანისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ღაზაში მცხოვრები ხალხის კოლექტიური დასჯა პრობლემებს უფრო გაამწვავებს და მეტ ტკივილთან, დაძაბულობასა და ცრემლთან მიგვიყვანს. ელექტროენერგიის, წყლის, საწვავისა და საჭმლის მიწოდების შეწყვეტა ორი მილიონი ადამიანისთვის, რომელიც 360 კვადრატულ კილომეტრშია მოქცეული, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“, - აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავები დილით ეგვიპტეში ელ არიშის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა. მათ რეგიონში წამლები, საკვები, საფენები და სხვადასხვა სამედიცინო მარაგი შეიტანეს.
ერდოღანმა ისრაელს მოუწოდა, რაფას საზღვრიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლება მისცენ.